მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ზურაბ ნოღაიდელი გიორგი ქობულიაზე: ეს არის შეკვეთილი საუბარი, სხვანაირად გამორიცხულია!

5f5e239d5bb2c
სალომე მეცხვარიშვილი
13.09.20 17:44
2270

საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი ზურაბ ნოღაიდელი ეკონომიკის ყოფილ მინისტრს გიორგი ქობულიას აკრიტიკებს. ნოღაიდელის თქმით, ქობულიამ გააკეთა განცხადებები, რომ ელექტროენერგიის იმპორტის ფასს განაპირობებს არა კონკურენცია და ბაზარი, არამედ მოლაპარაკების უნარი. 

 “ეს არის შეკვეთილი საუბარი. ვერავითარ შემთხვევაში ვერ დავიჯერებ, რომ გიორგი ქობულიას საღ აზრზე ჰგონია, რომ სახელმწიფოს უკეთესად შეუძლია ბიზნესის წარმოება, ვიდრე კერძო კომპანიას; და რომ ფასს განსაზღვრავს მოლაპარაკების უნარი და არა ბაზარი და კონკურენცია”,- აცხადებს ნოღაიდელი.

მისი თქმით, თავის დროზე ეგონა, რომ გიორგი ქობულია წარმატებული მინისტრი იქნებოდა, მისი წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე, რადგან ის წლების განმავლობაში მუშაობდა კერძო სექტორში. 

“ბიზნესს კერძო სტრუქტურა ყოველთვის უფრო ეფექტურად გააკეთებს, ვიდრე სახელმწიფო. ნებისმიერი ადამიანისგან ველოდებოდი ამ იდეოლოგიურ კამათს, გიორგი ქობულიას გარდა. ჩემთვის ეს არის სრულიად გაუგებარი.

ჩვენ გვქონდა მასთან შეხვედრა მისი დანიშვნისთანავე და ვფიქრობდი, რომ ის იქნებოდა ეკონომიკის ძალიან წარმატებული მინისტრი მისი გამოცდილებიდან გამომდინარე. 

არ მინდა პოლიტიკურ დისკუსიაში შესვლა და მასზე კომენტარსაც არ გავაკეთებდი, თავად რომ არ ეკადრა ასეთი მოგონილი და უაზრო კომენტარების გაკეთება. ეს არის შეკვეთილი საუბარი. ვერავითარ შემთხვევაში ვერ დავიჯერებ, რომ გიორგი ქობულიას საღ აზრზე ჰგონია, რომ სახელმწიფოს უკეთესად შეუძლია ბიზნესის წარმოება, ვიდრე კერძო კომპანიას და რომ ფასს განსაზღვრავს მოლაპარაკების უნარი და არა ბაზარი და კონკურენცია. 

ის ამ განმარტებას გააკეთებს საღ აზრზე? და ეს არ არის შეკვეთა? გამორიცხულია!”,- აცხადებს ზურაბ ნოღაიდელი. 

ზურაბ ნოღაიდელი დღედღეობით კომპანია “ელ გრინში” მოღვაწეობს და სათავეში უდგას ისეთ პროექტს, რომელიც აზერბაიჯანიდან საქართველოს გავლით თურქეთში ელექტროენერგიის მიწოდებას,ასევე აზერბაიჯანიდან საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტს გულისხმობს.

გიორგი ქობულიამ ელექტროენერგიის იმპორტის განმახორციელებელი კომპანიები დაადანაშაულა, რომ მათ ინფრასტრუქტურის განვითარება და შესაბამისად, იმპორტის ფასების შემცირება არ სურთ. ზურაბ ნოღაიდელის თქმით, გიორგი ქობულია ფიქრობს, რომ ამ პროცესში კერძო სექტორის ჩართვა არ არის მომგებიანი და სახელმწიფოებს შორის დადებული ხელშეკრულებები, შესაძლოა უფრო ხელსაყრელი ყოფილიყო.

ნოღაიდელი კი ამბობს, რომ პირიქით, როდესაც საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტზე სახელმწიფოთაშორისი ხელშეკრულება იყო გაფორმებული რუსეთის მხარესთან, მაშინ ელექტროენერგიის იმპორტი საქართველოს უფრო ძვირი უჯდებოდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები