The Diplomat-ის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობამ, შესაძლოა, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) გენერალური მდივნის თანამდებობაზე ზურაბ პოლოლიკაშვილის მესამე ვადით არჩევას მხარი არ დაუჭიროს და მის ნაცვლად, არაბთა გაერთიანებული საამიროების კანდიდატს მისცეს ხმა. გამოცემა წერს, რომ ეს გადაწყვეტილება გარკვეულწილად არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან (UAE) დადებული ფარული შეთანხმების ნაწილია.
პოლოლიკაშვილი გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივნად მეორე ვადით 2021 წელს დაამტკიცეს, 85 ხმით 26-ის წინააღმდეგ.
ზურაბ პოლოლიკაშვილის გენერალურ მდივნობას გლობალური ტურიზმისთვის ერთ-ერთი ყველაზე რთული, კოვიდ პანდემიის პერიოდი დაემთხვა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ მისი ინიციატივით, 2022 წელს, რუსეთს, უკრაინაში შეჭრის გამო, UNWTO-ს წევრობა შეუჩერდა.
იმ ფონზე, რომ UNWTO-ს ქართველი ხელმძღვანელის მეორე ვადა 2025 წლის 31 დეკემბერს იწურება, ორგანიზაცია ახალი გენერალური მდივნის ასარჩევად ემზადება.
როგორია პროცედურები?
ახალი გენერალური მდივანი, რომელიც თანამდებობას 2026-2029 წლებში დაიკავებს, ერ-რიადში, UNWTO-ს 26-ე სესიაზე აირჩევა, რომელიც 7-დან 11 ნოემბრამდე გაიმართება. 160 ქვეყნისგან შემდგარი UNWTO-ს გენერალური მდივანი დაინიშნება დამსწრე სრული წევრების ორი მესამედის უმრავლესობით, საბჭოს წარდგინებით.
2025 წლის 29-30 მაისს გლობალური ტურისტული საზოგადოების თვალი კი მადრიდისკენ იქნება მიმართული, რადგან აღმასრულებელი საბჭო შეიკრიბება გენერალური მდივნის კანდიდატის წარდგენის მიზნით. აღმასრულებელი საბჭო ორგანიზაციის მთავარი გადაწყვეტილების მიმღები ორგანოა და მოიცავს 35 წევრ ქვეყანას, რომელთა შორისაც ერთ-ერთი საქართველოა. 2021 წელს, მადრიდში მიმდინარე მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ ასამბლეაზე საქართველო პირველად აირჩიეს ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრად, 4 წლით.
შერჩეული კანდიდატი, რომელიც საჭიროებს საბჭოს 35 წევრიდან მარტივი უმრავლესობის, ანუ მინიმუმ 18 წევრის მხარდაჭერას, წარდგენილი იქნება გაეროს ტურიზმის გენერალურ ასამბლეაზე, ერ-რიადში. თუ პირველ ტურში ვერცერთი კანდიდატი ვერ მოიპოვებს უმრავლესობას, კონსენსუსის მიღწევამდე ჩატარდება დამატებითი რაუნდი მთავარ კანდიდატებს შორის.
კანდიდატი შეიძლება იყოს მხოლოდ UNWTO-ს წევრი სახელმწიფოების მოქალაქეები, კენჭისყრა კი ფარულია.
საბჭოს სახელმწიფოების მთავრობები საკუთარ მოქალაქეებს კანდიდატად ოფიციალურად წარუდგენენ, საბჭოს სამდივნოს მეშვეობით. წელს, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი 6 კანდიდატს შორის შეირჩევა, კანდიდატები არიან:
- ზურაბ პოლოლიკაშვილი (საქართველო)
- გლორია გევარა (მექსიკა)
- ჰაბიბ ამარი (ტუნისი)
- მუჰამედ ადამი (განა)
- შაიხა ალ ნოვაისი (არაბთა გაერთიანებული საამიროები)
- ჰარი თეოჰარისი (საბერძნეთი).

























