"ღვინის ფასს ძალიან ბევრი ფაქტორი განსაზღვრავს, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი კი ის კონკრეტული ვენახია, საიდანაც ეს ღვინო მზადდება“ - ამის შესახებ Bm.ge-ს "თელავის ღვინის მარნის“ დამფუძნებელმა, ზურაბ რამაზაშვილმა განუცხადა.
"რომ ავიღოთ ძვირადღირებული ფრანგული ღვინოები, ყველა ეს ღვინო მოდის მისთვის განსაზღვრულ კონკრეტულ ვენახში, რომელსაც ძალიან დიდი ხნის ისტორია აქვს. ყველაფრის ყიდვა შეიძლება, შეგიძლია იყიდო ყველა ტექნოლოგია, კარგი მანქანა-დანადგარი, კარგი კასრი, დაიქირავო ძალიან გამოცდილი, ყველაზე ძვირადღირებული მეღვინე, მაგრამ, თუ არ გაქვს კონკრეტული ვენახი, რომელსაც თავისი ისტორია აქვს, ძვირადღირებულ ღვინოს ვერ შექმნი“ - განაცხადა ზურაბ რამაზაშვილმა. როგორც ის აცხადებს,ძალიან მაღალი ხარისხის ღვინის საწარმოებლად, ვენახის საშუალო ასაკი 70 წელი მაინც უნდა იყოს.
" მაგალითისთვის, რომ ავიღოთ საფრანგეთში ,,შატო მარგო“, რატომ ღირს ეს ღვინო ყველაზე ძვირი? იმიტომ, რომ შატო მარგოს ვენახები 200 წელია არსებობს. ჩვენთან, საბჭოთა კავშირის დროს, ვაზის სიცოცხლის ხანგრძლივობა 30-40 წელი იყო, ამის შემდეგ ეს ვაზი იჩეხებოდა, რადგან კომერციულად ვაზი ყველაზე პროდუქტიული ამ ასაკამდეა, მაგრამ სამაგიეროდ ის ყველაზე ხარისხიან ღვინოს ამ ასაკის შემდეგ იძლევა. ასე, რომ საშუალო ვაზის ასაკი 70 წელია“ - აცხადებს მეღვინე.
მისივე განმარტებით, ღვინის ხარისხსს სწორედ იმ ტერიტორიის, ე.წ ტერუარის მახასიათებლები განსაზღვრავს, სადაც კონკრეტული ვენახია გაშენებული.
"ე.წ ტერუარს აქვს კონკრეტული მახასიათებლები, რაც განპირობებულია კლიმატური პირობების მრავალფეროვნებით: აქ შედის ნალექიანობა, ნიადაგის შემადგენლობა, მზის ექსპოზიცია, დახრილობის კუთხე, ქარი, თუ სხვა მთელი რიგი ფაქტორები.
ასევე ძალიან მნიშვნელოვანია მეღვინეობის სფეროში მოსახლეობისა და საზოგადოების ცოდნის ამაღლება, ასვე თავად მეღვინეებისაც, რატომ? დღესდღეობით ბევრი ადამიანი რომ გააჩერო ქუჩაში, ვერ გეტყვის რა განსხვავებაა ქინძმარაულსა და მუკუზანს შორის, ან შესაძლოა გითხრას რომ წინანდალი წითელიც შეიძლება არსებობდეს, ან ქინძმარაული თეთრი, ასეთი სისულელეც შეიძლება მოისმინოთ საქართველოში, საფრანგეთში კი ასეთ რამეს ვერ შეხვდებით. ანუ, ხალხიც მზადაა თვითონვე მისცენ შეფასება თავიანთ ისტორიულ მიღწევას“ - აცხადებს ზურაბ რამაზაშვილი.
მისი თქმით, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ისიც არის, რომ ახალი მეწარმე-სუბიექტების ცოდნა, რომლებიც ღვინის წარმოებაში მისი მომგებიანობის გამო ჩაერთვნენ, ხშირ შემთხვევაში ელემენტარულ კრიტიკასაც ვერ უძლებს. ზოგიერთ შემთხვევაში, მათ მიერ ხდება ბაზარზე ღვინის ძვირად წარდგენა, მაგრამ აბსოულუტურად დაუსაბუთებლად.
"ჩვენ წინ გვაქვს ყველაფერი, ანუ რაღაც პროცესი უნდა გავიაროთ, ისევე როგორც ყველა რევოლუციის შემდეგ, ვიდრე დემოკრატია დაისადგურებს, რაღაც ტურბულენტობა შეინიშნება ხოლმე, ჩვენთანაც ასეთი ტურბულენტობის განცდა მაქვს მე, რომელიც რაღაც პერიოდის შემდეგ უნდა დაწყნარდეს; დასალექი დაილექება და ზედაპირზე ამოვლენ ის მნიშვნელოვანი კომპანიები და პიროვნებები, რომლებიც მომავალში გეზს მისცემენ ქართულ მეღვინეობას, რომელიც მაღალ საფასო სეგმენტს დაიკავებს“ - განუცხადა Bm.ge-ს ზურაბ რამაზაშვილმა.
ქართული ღვინის პოზიციონირებაზე და ფასზე კომენტარი ბიზნესმენმა მამუკა ხაზარაძემაც გააკეთა, სადაც მან განმარტა, რომ - „არ შეიძლება ქართული ღვინო ბორჯომის ფასად იყიდებოდეს“, - ბიზნესმენი თვლის, რომ ქართული ღვინის ხარისხი უნდა აღდგეს, მისი აზრით საქართველოში მაღალხარისხიანი ღვინო ნაკლებად იწარმოება.