ახლადარჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, „გაერთიანებული ოპოზიციის“ კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე და „ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თითო-თითო მილიონ ლარს მიიღებენ.
აღნიშნული bm.ge-ის ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემაც დაუდასტურა.
საქმე იმაშია, რომ საქართველოს საარჩევნო კოდექსის მიხედვით, საარჩევნო სუბიექტს, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ამომრჩეველთა ხმების 10%-ს ან მეტს მიიღებს, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთჯერადად არაუმეტეს 1 000 000 ლარის მიღების უფლება აქვს და ამ თანხით საპრეზიდენტო კანდიდატს შეუძლია არჩევნების საარჩევნო კამპანიისას გაწეული ხარჯები დაფაროს.
როგორც მინისტრის მოადგილემ bm.ge-ის უთხრა, სამივე საარჩევნო სუბიექტი თითო-თითო მილიონს კანონით დადგენილ ვადებში, წლის ბოლომდე მიიღებს.
შექმნილი სიტუაცია გათვალისწინებულია 2018 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტში, რომელიც მთავრობამ პარლამენტში უკვე გადააგზავნა.
„საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდის ასიგნებები იზრდება 10 მლნ ლარით და განისაზღვრება 60 მლნ ლარით. ზრდა ძირითადად გამოწვეულია არჩევნების II ტურის დაფინანსების, ასევე საპრეზიდენტო არჩევნებში 10%-ზე მეტი ხმების მიმღები სუბიექტებისთვის საარჩევნო კოდექსით განსაზღვრული თანხების ანაზღაურებით“, - ნათქვამია მიმდინარე წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტის ცვლილებების პროექტს განმარტებით ბარათში.
ცნობისთვის: საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში სალომე ზურაბიშვილმა ხმების 38.64% მიიღო, გრიგოლ ვაშაძემ - 37.74%, ხოლო დავით ბაქრაძემ - 10.97%.
აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის ე.წ. დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი იყო ერთადერთი კანდიდატი, რომელმაც საბანკო სესხით ისარგებლა და 1 ოქტომბერს ბანკ „ქართუსგან“ 1 მლნ ლარი ისესხა.
„ქართუსგან“ 10%-ში ნასესხები 1 მლნ ლარის სესხი ზურაბიშვილმა სამ თვეში უნდა დაფაროს.