საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რამდენიმე წუთის წინ განაცხადა, რომ ის საკუთარ ხელფასს სპეციალურ საქველმოქმედო ფონდში გადარიცხავს, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციის ეგიდით შეიქმნება.
საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის თქმით, მისი შემოსავალი საფრანგეთის დიპლომატიურ სამსახურში მუშაობით დაგროვებული ინდივიდუალური პენსია იქნება.
"ვინაიდან პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი უკვე გაუქმდა, მე გადავწყვიტე, მოვნახო ფორმები ქველმოქმედების, ნოვაციის ხელშეწყობის. მე მგონი, ეს აუცილებელია. პრეზიდენტი უნდა იყოს ერთგვარი მფარველი ამ ქმედებების - ჩვენ ჯერ კიდევ ვმუშაობთ ამ იურიდიულ ფორმაზე, რომ კერძო საწყისზე შეიქმნას ფონდი ჩემი ეგიდით და საზოგადოების წარმომადგენლების დახმარებით. სადაც პირველ რიგში მე და იმედი მაქვს, სხვებიც მომყვებიან, გადავრიცხავ ჩემს ხელფასს. რამეთუ მე ვიღებ საფრანგეთიდან ჩემს დაგროვილ პენსიას, რაც მეყოფა სრულებით. ასე რომ, შემიძლია, ჩემი პრეზიდენტის სარგო მოვახმარო იმ საქმეებს, რასაც ერთად გადავწყვეტთ, რომ არის მნიშვნელოვანი ქველმოქმედების ან რამე ინიციატივების მხრივ,"- ამბობს სალომე ზურაბიშვილი.

























