რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილი დე ფაქტო პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას განცხადებით, სალომე ზურაბიშვილს აფხაზეთში სიტუაციის გაუარესება სურს. მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტს "აფხაზეთის ხელისუფლებისა და ოპოზიციის მიმართ სიმპათია არ აქვს". კომენტარი მან რუსულ მედიასთან გააკეთა.
"მეეჭვება, რომ სალომე ზურაბიშვილს რაიმე სიმპათია ჰქონდეს აფხაზეთის ხელისუფლების ან აფხაზური ოპოზიციის მიმართ. ვფიქრობ, ის ხელმძღვანელობს პრინციპით : "რაც უარესი, მით უკეთესი" და ამიტომაც გვილოცავს. მას აფხაზეთის სახელმწიფოს არსებობა არ აინტერესებს. ეს ცხადი და გასაგებია", – განაცხადა ასლან ბჟანიამ სალომე ზურაბიშვილის მიერ გამოხატული სოლიდარობის განცხადების საპასუხოდ.
ცნობისთვის, ოკუპირებულ სოხუმში მიმდინარე პროტესტის დღეს, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ რუსეთის აჩქარებულ ნაბიჯებს აფხაზეთის ანექსიის მიმართულებით გმობს. მან აფხაზეთის სამოქალაქო საზოგადოების მიმართ სოლიდარობა გამოხატა.