ჯანდაცვის მინისტრ, მიხეილ სარჯველაძის თქმით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მხრიდან „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის დებატებში გამოწვევა არასერიოზულია, მათ შორის „კალიბრის“ გათვალისწინებით.
საქმე ის არის, რომ პრეზიდენტმა გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დებატებში გამოიწვია.
„ინიციატივა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარესთან დებატების გამართვასთან დაკავშირებით არასერიოზულად გამოიყურება, ამას თავადაც ხვდება და ვინმე გაუმეორებს კითხვას, კვლავაც მზად არის თუ არა, რომ ეს დებატები მოითხოვოს, შეიძლება, შეცვალოს ეს გადაწყვეტილება, რადგან შანსი არ გააჩნია დებატის. კალიბრის გათვალისწინებითაც ეს განცხადება სერიოზულად აღსაქმელი არ უნდა იყოს. თუმცა ყველაზე სერიოზულია, რომ ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი, რომელსაც ფიცი აქვს დადებული, რომ ყველა პოლიტიკურ პროცესზე მაღლა უნდა იდგეს, გამოდის ინიციატივით, რომ დებატებში დაუპირისპირდეს მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარეს, ვფიქრობ, ეს მისი მხრიდან დაშვებული დიდი შეცდომაა. ეს არის საკუთარი მოვალეობებისადმი არასწორი დამოკიდებულება“, - განაცხადა სარჯველაძემ.
რაც შეეხება პრეზიდენტის განცხადებას, რომ „ქართული ოცნების“ დამსახურებით ქვეყანა საერთაშორისო იზოლაციის ქვეშ მოექცა, ჯანდაცვის მინისტრი პასუხობს, რომ „ასეთი შორს მიმავალი დასკვნების გაკეთება, რომ საქართველო საერთაშორისო იზოლაციაში მოექცა და დემოკრატიის გზას გადაუხვია, მტკნარი ტყუილია. ვფიქრობ, თვითონაც ხვდება, რომ ეს სალაპარაკო არ არის“.