თუშეთი, სადაც ბოლო წლებში ტურისტული ინტერესის ზრდა შეინიშნება, ადგილობრივი ინფრასტრუქტურა დღემდე იმავე გამოწვევების წინაშეა, რაც ათწლეულების წინ ჰქონდა.
როგორც ომალოში მდებარე სასტუმრო კომპლექს „ნაბადის“ მენეჯერი, ნიკა სულაკაური BM.GE-სთან ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ რეგიონში ტურისტული ნაკადები მატულობს, ძირითადი საყოფაცხოვრებო საჭიროებები, როგორიცაა წყალი, გაზი და ელექტროენერგია კვლავ გამოწვევაა. შესაბამისად, ამ ყველაფრის უზრუნველყოფა ტურისტულ ობიექტს უწევს.
„[რეგიონში] ზუსტად იგივე პრობლემებია, რაც იყო 20-30 წლის წინ. გზის პრობლემა შედარებით გამოსწორებულია, თუმცა ბევრი ადამიანი მაინც თავს არიდებს ამ მიზეზით თუშეთში მოგზაურობას. ამასთან პრობლემაა ელექტროენერგია, გაზი და წყალი. ამის უზრუნველყოფა თავად გვიწევს. წყალი ხევიდან მოგვაქვს. იქიდან მომდინარე წყალი, ჩვენს ტერიტორიაზეა და ამას ვიყენებთ. ელექტროენერგია – დიზელზე მომუშავე გენერატორით, ხოლო გაზს თელავიდან ბალონებით ვიტანთ. მსგავსი რეალობაა სხვა მცირე სასტუმროებშიც - ზოგს ელექტროენერგიის უზრუნველსაყოფად მზის პანელები აქვს, ზოგსაც პატარა გენერატორი“, - ამბობს ის.
ნიკა სულაკაურის თქმით, ოფიციალური სტრუქტურებიდან, კონკრეტულად მუნიციპალიტეტიდან, ამ პრობლემების გადაჭრაზე რაიმე ინიციატივა ან გეგმა მისთვის ცნობილი არ არის. თუმცა, ის დასძენს, რომ წლების განმავლობაში საუბარი იყო გზების გაუმჯობესებასა და ტურისტული სეზონის გახანგრძლივების საჭიროებაზე.




























