ფესტივალ „განდაგანასთვის“ მუსიკოსებისა და ანსამბლების ჰონორარებზე 165 100 ლარი დაიხარჯება. შესაბამისი გამარტივებული შესყიდვა ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ გამოაცხადა.
ფესტივალის ფარგლებში ყველაზე დიდი ოდენობით ჰონორარს - 40 000 ლარს ზვიად ბოლქვაძე მიიღებს, რომელიც ორკესტრთან და ბენდთან ერთად გამოვა. ჯგუფ „ურსას“ 30 000 ლარს გადაუხდიან, ხოლო თემურ თათარაშვილი 4000 ლარს მიიღებს.
“ფესტივალის ფარგლებში ორი დღის განმავლობაში, ევროპის მოედანზე და მის მიმდებარედ (დუმბაძე და მემედ აბაშიძეზე) წარმოდგენილი იქნება აჭარული სოფელი. სპეციალურად ამ დღისთვის შემუშავებული იქნება საკონცერტო მუსიკალური პროგრამა, სადაც წარმოდგენილი იქნება ადგილობრივი და მოწვეული ფოლკლორული ანსამბლების ქორეოგრაფიული ნომრები, მათ შორის საქართველოში ცნობილი პოპულარული ქართული ნაციონალური ბალეტი, სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი, რომელიც წარმოადგენს ტრადიციულ და ე.წ მოდერნ ბალეტს”, - წერია შესყიდვის დოკუმენტაციაში.
ფესტივალზე შემდეგ მუსიკალურ შემსრულებლებსა და ქორეოგრაფიულ ანსამბლებს იწვევენ:
- ჯგუფი „გორდელა“ – 17 000 ლარი
- ჯგუფი „გოგლაურა“ – 10 100 ლარი
- ჯგუფი „ტაბემონო“ – 3 000 ლარი
- ჯგუფი „ბონადეა“ – 2 000 ლარი
- ჯგუფი „ბანი“ – 15 000 ლარი
- ჯგუფი „ურსა“ – 30 000 ლარი
- სსიპ აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „აფხაზეთი“ – 22 000 ლარი
- თეიმურაზ თათარაშვილი – 4 000 ლარი
- ზვიად ბოლქვაძე – 40 000 ლარი
- ანსამბლი „ოდა“ – 7 000 ლარი
- ჯგუფი „იბერია“ – 15 000 ლარი
ფესტივალი 22-23 სექტემბერს ჩატარდება.

























