მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ზვიად სხვიტარიძე თამბაქოს ნაწარმის 15-გრამიან შეფუთვებში მიწოდების დაშვებას აკრიტიკებს

5ec2977820e31
ინგა მურუსიძე
18.05.20 18:45
1261
"სრულიად გაუგებარია, რატომ ხდება ამ გადაწყვეტილების მიღება", - სექტორი „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში ინიცირებულ ცვლილებებს არ ეთანხმება.

ამის შესახებ „ბრითიშ ამერიკან თობაქოს“ კორპორატიულმა და იურიდიულმა დირექტორმა, ზვიად სხვიტარიძემ BMG-ს გადაცემა „საქმის კურსის“ ეთერში ისაუბრა.

სხვიტარიძე გამოეხმაურა პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტს, რომელიც თამბაქოს ნაწარმის  15-გრამიან შეფუთვებში მიწოდების დაშვებას გულისხმობს. ამჟამად კი, თამბაქოს ნაწარმის 50 ან 100 გრამიანი შეფუთვებია დაშვებული.

„ამ ინიციატივას არ ვიზიარებთ, ვინაიდან ეს ზრდის ხელმისაწვდომობას იმ თამბაქოზე, რომელიც არის დაჭრილი და რომელიც მომეტებული საფრთხის და ზიანის შემცველია. ზოგადად, სრულიად გაუგებარია, რატომ ხდება ამ გადაწყვეტილების მიღება. ეს მთლიანად ეწინააღდეგება ჯანდაცვის სამინისტროს მიზნებს. ჩვენ, საერთაშორისო კომპანიებს მსგავსი პროდუქტი საერთოდ არც გაგვაჩნია, დაიტესტა კიდეც და აღმოჩნდა 7-ჯერ და 12-ჯერ მეტი კრინის და კარცენოგენული ნივთიერების შემცველობაა ასეთ შემთხვევაში“, - განაცხადა სხვიტარიძემ.

მისივე თქმით, ინიციატივა ევროდირექტივასაც ეწინააღმდეგება, სადაც 15-გრამიანი შეფუთვა დაშვებული არ არის.

„ევროპაში დაშვებულია მხოლოდ 20-ღერიანი შეფუთვა, რაც ბევრად აღემატება 15-25 და 30 გრამსაც. ზუსტად ეს არის ევროდირექტივა“, - ამბობს სხვიტარიძე.

ცნობისთვის: ჯანდაცვის კომიტეტმა მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილა პარლამენტის წევრების - გოგა გულორდავასა და გურამ მაჭარაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტები „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“.

საკითხი პარლამენტის წევრმა გოგა გულორდავამ გამოიტანა, რომელმაც განაცხადა, რომ კანონპროექტის თავდაპირველ ვარიანტს მეორე მოსმენისთვის ცვლილება არ განუცდია.

მომხსენებლის განცხადებით, ზოგადად, მოქმედი „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონის მიხედვით დღეს დღეისობით არსებობს თამბაქოს ნაწარმის მიწოდება 50 ან 100 გრამიან პირველად საფუთავებში, ხოლო წარმოდგენილი ცვლილებების მიხედვით, კანონპროექტის მიღების შემდეგ, ზემოაღნიშნული პროდუქტის მიწოდება უკვე 15 გრამიან საფუთავებშიც გახდება შესაძლებელი.

კომიტეტის სხდომაზე კანონპროექტის მიმართ შენიშვნები გამოითქვა. კომიტეტის წევრთა უმრავლესობის აზრით, თამბაქოს ნაწარმის მცირე შეფუთვებით გაყიდვა გაზრდის მის ხელმისაწვდომობას, განსაკუთრებით ახალგაზრდებისა და დაუცველი ჯგუფებისათვის.

ამასთანავე, წარმოდგენილი პროექტი კომიტეტის წევრების ლევან კობერიძის, გუგული მაღრაძის, ლადო კახაძის, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლის განცხადებით, ეწინააღმდეგება პარლამენტის მიერ მიღებული კანონის პრინციპებს, თამბაქოს კონტროლის სტრატეგიას და სამოქმედო გეგმას, ევროკავშირის დირექტივებს.

საქართველოს მიერ მიღებული კანონმდებლობა აღიარებულია როგორც ერთ-ერთი საუკეთესო, რომელიც შეესატყვისება ევროპის პარლამენტის და საბჭოს 2014/40/EU დირექტივას თამბაქოს და მასთან დაკავშირებული პროდუქტების შესახებ, რომელიც ადგენს, რომ თუთუნის შეფუთვა 30 გრამზე ნაკლებ პროდუქტს არ უნდა შეიცავდეს. ლევან კობერიძემ ინიციატორებს მოუწოდა კანონპროექტი გაიწვიონ და ევროკავშირის დირექტივებთან შესაბამისობაში მოიყვანონ, ხოლო კომიტეტის წევრებს - მხარი არ დაუჭირონ წარმოდგენილ ვარიანტს. საბოლოოდ, კომიტეტმა აღნიშნულ კანონპროექტზე კენჭისყრა გადადო.