2020 წლის 5-დან 18 ოქტომბრის ჩათვლით, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის საგრანტო პროგრამაზე ბიზნესიდეების მიღება დაიწყება.
როგორც bm.ge-ის სააგენტოდან - „აწარმოე საქართველოში“ აცნობეს, პროგრამის ბიუჯეტი 40 მილიონ ლარამდე გაიზარდა და საგრანტო პროგრამის გრანტის მოცულობის ზედა ზღვარი 30 000 ლარი გახდა. პროგრამაში გამარჯვებული მეწარმეების თანამონაწილეობის თანხა კი 20%-ის ნაცვლად 10%-ია, მაღალმთიან რეგიონებში კი, 5%.
პროგრამის სამიზნე ტერიტორიულ ერთეულებს თბილისიც დაემატა.
სახელმწიფო პროგრამის მიკრო და მცირე მეწარმეობის ფარგლებში გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში მონაწილეობის უფლება ექნება ნებისმიერ სრულწლოვან საქართველოს მოქალაქეს, როგორც მეწარმე სუბიექტს, რომელსაც პროგრამის ფარგლებში დაფინანსება არ მიუღია ან პირველად მონაწილეობს, ასევე - მეწარმე სუბიექტს, რომელმაც ერთხელ უკვე მიიღო პროგრამის მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილით განსაზღვრული ხელშეწყობა. პროგრამის არსებულ მეწარმე სუბიექტებს პროგრამის ფარგლებში გრანტის მიღების შესაძლებლობა ექნებათ, როგორც მათთვის უკვე დაფინანსებული საქმიანობის გაფართოების, ასევე, ახალი ბიზნეს პროექტის შემთხვევაში.
განსხვავებულად განისაზღვრება თანამონაწილეობის წილიც - პროგრამის არსებული ბენეფიციარის მიერ პროგრამაში თანამონაწილეობის წილი განისაზღვრება დაფინანსების თანხის არანაკლებ 25 პროცენტით, 15%-ით კი - მაღალმთიან რეგიონებში.
„აღსანიშნავია ისიც, რომ პროგრამის ფარგლებში განიხილება ნებისმიერი ეკონომიკური საქმიანობა, გარდა სოფლის მეურნეობის პირველადი პროდუქციის წარმოებისა და სოფლის მეურნეობის პირველად წარმოებასთან დაკავშირებული მომსახურებებისა.
პროგრამა მიზნად ისახავს მიკრო და მცირე ბიზნესის განვითარებას, თანამედროვე სამეწარმეო კულტურის დამკვიდრებისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. ასევე, პროგრამა ხელს შეუწყობს ახალი კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული უარყოფითი ეკონომიკური გავლენის შემცირებასაც”, - აცხადებენ სააგენტოში.
პროგრამის ფარგლებში უკვე მხარდაჭერილია 6 212 პროექტი, რომელთა ჯამური ინვესტიცია 61 მლნ ლარზე მეტია.
NS