სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამით 245 მილიონ ლარამდე ფასიანი ქაღალდების განთავსებაა მხარდაჭერილი. ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა საპენსიო ფონდის 2024 წლის საინვესტიციო ანგარიშის პრეზენტაციის ფარგლებში გამართულ პანელზე განაცხადა.
ირაკლი ნადარეიშვილმა კერძო სავალო ფასიანი ქაღალდების გამოშვების მხარდამჭერ სახელმწიფო პროგრამაზე საუბრისას თქვა, რომ 400 მილიონ ლარამდე პროექტებზე მიმდინარეობს მუშაობა.
მისივე განცხადებით, აღნიშნული პროგრამა სრულად პასუხობს კერძო სექტორის საჭიროებებს.
"დღევანდელი მდგომარეობით, პროგრამის ფარგლებში მხარდაჭერილია 245 მილიონ ლარამდე ფასიანი ქაღალდების განთავსება. რაც შეეხება გეგმებს, უკვე დღეს, ამავე პროგრამის ფარგლებში 400 მილიონ ლარამდე ოდენობის პროექტებზე მიმდინარეობს მუშაობა“, - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.
ცნობისთვის, კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა გასული წლის 8 აპრილს ამოქმედდა. მისი მიზანია მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა ფასიანი ქაღალდების განთავსების სტიმულირების გზით. სახელმწიფო პროგრამა მოიცავს თანადაფინანსების კომპონენტს, რომელიც ითვალისწინებს ბენეფიციარის მიერ ფასიანი ქაღალდების ემისიასთან დაკავშირებული შემდეგი ორი სახის ხარჯის თანადაფინანსებას: 1. სარეიტინგო კომპანიისთვის გადახდილი/გადასახდელი საკრედიტო რეიტინგის მოპოვებასთან დაკავშირებული ხარჯი და 2. საბროკერო კომპანიისთვის ასანაზღაურებელი მომსახურების საფასური (საკომისიო). პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია მეწარმე სუბიექტს, რომლის წინა სამეურნეო წლის აკუმულირებული ჯამური შემოსავალი არ აღემატება 200 მლნ ლარს.