მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნავთობის $108-მდე გაძვირებამ გლობალურ ობლიგაციებზე ზეწოლა გააძლიერა

ობლიგაციები

ენერგორესურსების მკვეთრმა გაძვირებამ და ინფლაციური რისკების გაღრმავებამ გლობალურ სავალო და საფონდო ბაზრებზე ზეწოლა გააძლიერა.

როგორც ცნობილია, ფასების მკვეთრი ზრდა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ჰორმუზის სრუტის გახსნაზე ირანის ინიციატივის უარყოფამ განაპირობა. ამ მოვლენებმა აშშ-ის სახაზინო ობლიგაციების გაყიდვის ახალი ტალღა გამოიწვია. შედეგად, 10-წლიანი ფასიანი ქაღალდების შემოსავლიანობა 0.05 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 2007 წლის შემდეგ მაქსიმალურ ნიშნულს, 5.23%-ს გაუტოლდა. პარალელურად, ორწლიანი ობლიგაციების განაკვეთი 4.92%-მდე გაიზარდა, S&P 500-ისა და Nasdaq 100-ის ფიუჩერსებმა კი შესაბამისად 0.5%-ითა და 1.1%-ით დაიკლო.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებების შესაძლო განახლების მიუხედავად, დიპლომატიურ პროცესში წინსვლის ნიშნები არ ჩანს. Deutsche Bank-ის მაკროკვლევების მიმართულების ხელმძღვანელმა ჯიმ რიდმა შექმნილ ვითარებას "ჩიხი" უწოდა და აღნიშნა, რომ ის ობლიგაციების შემოსავლიანობის ზრდას მოელის.

BNP Paribas Asset Management-ის უფროსი მკვლევრის ეკატერინა ბიგოსის შეფასებით კი ხელოვნური ინტელექტის განვითარებასთან დაკავშირებულმა კორპორაციულმა ემისიებმა კაპიტალზე კონკურენცია გაამძაფრა და სახელმწიფო ობლიგაციებზე ზეწოლა გააძლიერა.

აღსანიშნავია, რომ გაყიდვების ტალღა ევროპისა და აზიის ფასიანი ქაღალდების ბაზრებზეც გავრცელდა. დიდ ბრიტანეთში 10-წლიანი ობლიგაციების შემოსავლიანობამ 2008 წლის შემდეგ უმაღლეს ნიშნულს, 5.42%-ს მიაღწია. გერმანიის 10-წლიანი ბონდების განაკვეთი 3.65%-მდე გაიზარდა, საფრანგეთისა და იტალიის ანალოგიური მაჩვენებლები კი რეგიონული კონფლიქტის დაწყების შემდეგ რეკორდულ დონემდე ავიდა.

BNY-ის ანალიტიკოსის, ჯეფრი იუს განმარტებით, ეს დინამიკა ენერგორესურსების შეზღუდული მიწოდებით გამოწვეულ შეშფოთებას უკავშირდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები