დღევანდელ სავაჭრო სესიაზე ნავთობის ფასი მკვეთრად, თითქმის 4%-ით გაიზარდა, რადგან პრეზიდენტი დონალდ ტრამპი შუალედურ არჩევნებამდე, ანუ მომდევნო ერთი თვის განმავლობაში ირანზე მასშტაბური დარტყმების განხორციელებას განიხილავს.
ამჟამინდელი მონაცემებით, ბარელი Brent-ის ფასი $104-ს აჭარბებს, ხოლო WTI-ის ფასი 92 დოლარის ფარგლებშია, რაც ერთწლიან პერიოდში 70%-იან ზრდას წარმოადგენს.
როგორც დღეს გახდა ცნობილი, ტრამპმა პენტაგონს ირანის საწინააღმდეგო სამხედრო შეტევის გეგმის მომზადება დაავალა. ამასთან, აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ ირანში საბრძოლო ოპერაციების განახლებისთვის მზადყოფნის ბრძანება უკვე მიიღო. იერიშების შესაძლო სამიზნედ ირანის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა და სამხედრო ობიექტები განიხილება.
კრიტიკოსების შეფასებით, ახალი დარტყმები საწვავის ფასებს ვერ შეამცირებს, ვერც თეირანთან მოლაპარაკებებს განაახლებს და ვერც ჰორმუზის სრუტის განბლოკვას უზრუნველყოფს. ამასთან, შესაძლო იერიშები აშშ-ის საბრძოლო მასალის მარაგებს კიდევ უფრო შეამცირებს და ახლო აღმოსავლეთში გეოპოლიტიკურ ვითარებას კიდევ უფრო მეტად გაამწვავებს.
შეგახსენებთ, რომ ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია 222 დღის წინ, 28 თებერვალს დაიწყო და კონფლიქტის დასრულების პერსპექტივა ჯერაც არ ჩანს.
























