მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ირანის დიპლომატიური ძალისხმევის გააქტიურების ფონზე ნავთობის ფასი 4.5%-ით შემცირდა

ნავთობი

ვაშინგტონსა და თეირანს შორის დიპლომატიური ძალისხმევის გააქტიურების ფონზე, საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასი მკვეთრად შემცირდა. კერძოდ, იანვრის მიწოდების Brent-ის საერთაშორისო ნავთობის ფიუჩერსები 4.45%-ით დაეცა და ბარელზე $108.4 შეადგინა. დეკემბრის თვისთვის ამერიკული WTI-ის მიწოდების ფასი კი 4.28%-ით შემცირდა და ბარელზე $99.6-მდე ჩამოვიდა.

ინფორმაციისთვის, გასულ უქმეებზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს სამხედრო ძალის გამოყენება არ სურს და ირანთან კონფლიქტის დიპლომატიურად მოგვარებას ამჯობინებს. მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ თეთრი სახლის ლიდერს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. მისი თქმით, სამხედრო ჩარევის საჭიროების შემთხვევაში, ვაშინგტონს წარმატების მისაღწევად სრული რესურსი გააჩნია, თუმცა უპირატესობა მშვიდობიან გზას ენიჭება.

რაც შეეხება ირანის პოზიციას, კატარის შუამავლობით გამართული ორდღიანი მოლაპარაკებების შემდეგ, თეირანის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მოთხოვნების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, შეთანხმების მიღწევა კვლავ შესაძლებელი იქნება.

საყურადღებოა, რომ პარალელურად The Wall Street Journal-ის და The New York Times-ი სრულიად საპირისპირო ინფორმაციას ავრცელებენ. ისინი წყაროებზე დაყრდნობით წერენ, რომ 3 ნოემბრის შუალედური არჩევნების შემდეგ აშშ სამხედრო დარტყმების შესაძლო განახლებისთვის ემზადება.

თავის მხრივ, ირანის უზენაესმა ლიდერმა, მოჯთაბა ხამენეიმ ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს მოუწოდა, ნებისმიერ საფრთხეს დაუყოვნებლივი, ქმედითი და გეოგრაფიულად შეუზღუდავი პასუხი გასცენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები