ამერიკულმა საფინანსო გიგანტმა JPMorgan-მა ირანის სამხედრო კონფლიქტის ფონზე ნავთობის საბაზისო პროგნოზირებაზე უარი ოფიციალურად განაცხადა. საინვესტიციო ბანკმა დაპირისპირების დაწყების შემდეგ პირველად აღიარა, რომ შექმნილ ვითარებაში მოვლენათა განვითარების ტრაექტორიას ვეღარ განსაზღვრავს.
JPMorgan-ის გლობალური სასაქონლო სტრატეგიის ხელმძღვანელმა ნატაშა კანევამ დაადასტურა, რომ გუნდს ბაზრის საბაზისო ხედვა აღარ აქვს და ომის დასკვნითი ეტაპის მოდელირება ვეღარ ხერხდება. სააგენტო Reuters-ის ცნობით, ეს გადაწყვეტილება ენერგეტიკულ ბაზარზე შექმნილმა გაურკვევლობამ და მოვლენათა გაუთვალისწინებელმა განვითარებამ განაპირობა.
აღსანიშნავია, რომ საომარი მოქმედებების დაწყებისას ბანკის ანალიტიკოსებს განსაზღვრული ჰქონდათ ის ზედა ზღვარი, რისთვისაც შეიძლება მიეღწია ნავთობის ფასს. ექსპერტები მოელოდნენ, რომ ნედლ ნავთობზე $100-იანი ფასის გადალახვა, საწვავის ღირებულების $5-მდე ზრდა და 10-წლიანი სახაზინო ობლიგაციების განაკვეთის 5%-ზე ზემოთ ასვლა ტრამპის ადმინისტრაციას კონფლიქტის შეწყვეტას აიძულებდა, თუმცა ომის დაწყებიდან ექვსი თვის შემდეგ ყველა ეს ზღვარი დაირღვა, კრიზისის დასრულების სტრატეგია კი კვლავ არ გამოკვეთილა. ნატაშა კანევას განცხადებით, შექმნილ ვითარებაში ომის დასრულების პერსპექტივა კიდევ უფრო ბუნდოვანი გახდა.
























