სახელმწიფო პროგრამის - „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარი, სხვადასხვა დიზაინის კარების მწარმოებელი კომპანია გაფართოებას ვერ ახერხებს. „მეგადორსის“ დამფუძნებელ რაულ გაბაიძეს პრეტენზიები თბილისის მერიასთან აქვს. მეწარმე ირწმუნება, რომ დედაქალაქის მთავრობა სხვადასხვა საჭირო ნებართვის გაცემას დროში აჭიანურებს, ამიტომ არაა გამორიცხული, „მეგადორსის“ მფლობელს „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში ბანკის მიერ დამტკიცებული სესხის ათვისებაზე უარის თქმა მოუწიოს.
საქმე ის არის, რომ კარების მწარმოებელი კომპანია „მეგადორსი“ ბაზარზე 2017 წელს სამთავრობო პროგრამის მხარდაჭერით, 3 მლნ ლარამდე ინვესტიციით შეიქმნა. მაშინ “მეგადორსს” ქონების ეროვნული სააგენტოსგან თბილისში 5 184 კვ.მ მიწის ნაკვეთი სიმბოლურ 1 ლარად გადაეცა. 2020 წელს კომპანიამ წარმოების გაფართოება გადაწყვიტა და ამ მიზნით, ისევ „აწარმოე საქართველოს“ ერთ-ერთი კომპონენტით 4.8 მლნ ლარამდე სესხი აიღო და ჯამში, 6 მლნ ლარამდე ინვესტიცია უნდა ჩაედო - თანხის ნაწილი, დაახლოებით, 50% უკვე აითვისა, რითაც წარმოებისთვის საჭირო დანადგარები შეიძინა, მეორე ნაწილით კი საწარმოს გაფართოებას და ახალი შოუ-რუმის მოწყობას გეგმავდა, მაგრამ როგორც ინვესტორი bm.ge-ს უყვება, უკვე მე-10 თვეა თბილისის მერიისგან ყველა საჭირო ნებართვის მიღება ვერ შეძლო.
მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე, საქმე ეხება გამწვანების პროექტს, რომელიც მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა დაუხარვეზა. „განმცხადებლის მიერ არ არის წარმოდგენილი იმ მწვანე ნარგავების ამსახველი ფოტომასალა საექსპერტო ნუმერაციის მიხედვით, რომლის მოჭრასაც იგი ითხოვს. კერძოდ, წარმოსადგენია: N1 კრიპტომერიას, N2 ვერხვის, N3 ვერხვის, N22 კრიპტომერიას, N17კვიპაროზის, N28 ფიჭვის, N20 თუთის, N31 ფიჭვის ხეების მდგომარეობის ამსახველი ფერადი ფოტომასალა საექსპერტო დასკვნის ნუმერაციის მიხედვით. გარდა ზემოაღნიშნულისა, საინფორმაციო დაფაზე, გამწვანების ესკიზი ვიზუალურად გამოსახული უნდა იყოს, ფოტომონტაჟის სახით. ამდენად, სამსახური მას შემდეგ იმსჯელებს გამწვანების პროექტთან, ასევე, მწვანე ნარგავებთან დაკავშირებით, როდესაც განმცხადებელი წარმოადგენს სრულყოფილ დოკუმენტაციას“, - ესაა მიზეზი, რატომაც მერიის საქალაქო სამსახურმა საწარმოს პროექტი დაახარვეზა და როგორც თბილისის მერიაში bm.ge-საც უთხრეს, სამშენებლო ნებართვა მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში გაიცემა.
თავის მხრივ, რაულ გაბაიძე ამბობს, რომ გამწვანების პროექტის კორექტირებული ვარიანტი თბილისის მერიას უკვე გაუგზავნა და ახლა ისევ მათი პასუხის მოლოდინშია, მაგრამ ამასობაში, შეიძლება, ბანკის მიერ დამტკიცებული სესხის ნაწილის ათვისებაზე უარის თქმა მოუწიოს - მიზეზი „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში აღებული სესხის პირობაა, რომლის თანახმად, სახელმწიფო მეწარმეს სესხის პროცენტს კრედიტის დამტკიცებიდან მხოლოდ 3 წლის ვადაში უსუბსიდირებს.
„ჩვენთვის სესხის დამტკიცებიდან უკვე 1.5 წელი გადის, ამიტომ ახლა თბილისის მერიამ საწარმოს და შოუ-რუმის მშენებლობის ნებართვაც რომ მომცეს, გამიჭირდება ვალდებულების შესრულება, ამიტომ უკვე მივმართე სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“, რათა სესხის პროცენტის სუბსიდირების ათვლა დაიწყოს მხოლოდ მას მერე, როცა მერიისგან მშენებლობის ნებართვა მექნება. იმედია, „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერას აღმოგვიჩენს, თუ პროგრამის პირობები ამის საშუალებს მისცემს, რადგან ძალიან ყოჩაღად აკეთებენ ყველაფერს. ამ სააგენტოს მადლიერი უნდა იყოს არა მარტო მე, არამედ მთელი ქვეყანა - მიხეილ ხიდურელის გუნდი ყოველთვის ძალიან მობილიზებულია, რომ რაღაცით დაგეხმაროს“, - განაცხადა რაულ გაბაიძემ და იქვე დასძინა, რომ განსხვავებით სსიპ „აწარმოე საქართველოსი“, თბილისის მერიისგან მსგავს მხარდაჭერას და ინტერესს, რომ ქალაქში დამატებითი ინვესტიცია ჩაიდოს და ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნას, ვერ ხედავს.
„სამწუხაროდ, დღემდე ვერ მოხერხდა საწარმოსა და შოუ-რუმზე ნებართვის მიღება, რათა დაგვეწყო მშენებლობა. არ მესმის რასთან არის ეს ყველაფერი დაკავშირებული. ვფიქრობ, ესაა გულგრილი დამოკიდებულება თბილისის მერიის მხრიდან. ისე ჩანს, თითქოს მერია უცხო დაწესებულებაა სახელმწიფოში, სადაც განწყობა, რომ ბიზნესი განვითარდეს, არის, ამას ადასტურებს ჩვენი საწარმოც, რომელიც „აწარმოე საქართველოს“ პროგრამით შეიქმნა.
ვფიქრობ, სპეციალისტები, რომლებიც თბილისის მერიაში მუშაობენ და მსგავს საკითხებს წყვეტენ, უფრო მეტად დატრენინგებულები უნდა იყვნენ და უნდა იცოდნენ, რას მიაქციონ ყურადღება, როცა მათ ხელშია ამა თუ იმ ნებართვების გაცემა და მსგავს საინვესტიციო პროექტებს ერთი წუთითაც არ უნდა აყოვნებდნენ, რადგან ყოველი წუთი ღირს ფული და თვეები და წლები, ხომ მითუმეტეს?!“, - ამბობს ბიზნესმენი.
რაულ გაბაიძის აზრით, კანონი და წესები, რა თქმა უნდა, ყველა საჯარო მოხელემ უნდა დაიცვას, მაგრამ როდესაც საქმე წარმოების გაფართოებას და სამუშაო ადგილების შექმნას ეხება, ბიუროკრატები მხოლოდ გაწერილი ინსტრუქციებით არ უნდ მოქმედებდნენ.
„შეიძლება, ცოტა უხეშად ვთქვი, რომ ადგილი აქვს გულგრილობას და ზერელობას... მესმის, რომ ის ადამიანები, ვინც მერიის შესაბამის სამსახურებში მუშაობენ, მიჰყვებიან თავის ინსტრუქციას და მას არ შეუძლია, მაგალითად, პროექტში ფერადი ფოტოსურათები თუ არაა, მომცეს ნებართვა, მაგრამ მინდა, ყველამ სწორად გამიგოს - მე არ დავეძებ მიზეზებს, რაც მაფერხებს, მე გამოსავალს ვეძებ და ასეთი გამოსავალი შეიძლება იყოს ზემდგომი ორგანოების ნება, რომ როდესაც წარმოებას, ახალ საუშაო ადგილებს ეხება თემა, არ შეაყოვნონ პროექტი და ოპერატიულად უპასუხონ“, - დასძინა რაულ გაბაიძემ.
ინფორმაციისთვის, როგორც bm.ge-ის „აწარმოე საქართველოში“ განუცხადეს, სააგენტო ეცდება ბენეფიციარს მაქსიმალურად დაეხმაროს, რათა „მეგადორსმა“ ახალი საწარმოს და შოუ-რუმის მოწყობა შეძლოს.