მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ღვინის სოფლის“ მშენებლობა 2022 წელს დასრულდება, ინვესტიცია $4 მილიონია

5f730e88b6159
ვიქტორია მღებრიშვილი
29.09.20 15:40
5678
ყვარლის მუნიციპალიტეტში კომპანია 7S-ის მიერ მშენებარე თანამედროვე ეთნოსოფლის საინვესტიციო ღირებულება $3.5 მლნ-დან 4 მლნ დოლარამდე გაიზარდა. პროექტი, რომლის განხორციელება 2019 წლის შემოდგომაზე დაიწყო ჯამში, 50 სახლის აშენებას და საჭირო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობას ითვალისწინებს. როგორც BMG-ისთან პროექტის განმახორციელებელი კომპანია 7S-ის დამფუძნებელი გიორგი ბეგაძე აცხადებს, მოთხოვნიდან გამომდინარე, კომპანიამ პროექტში ისეთი დეტალები ჩართო, რაც სოფელს კიდევ უფრო კომფორტულს და მიმზიდველს გახდის.

„სიახლეები გვაქვს მათთვის, ვინც კახეთში უძრავი ქონების შესყიდვით არის დაინტერესებული და სურს, ყვარელში, ვენახების და მთების გარემოცვაში ჩვენს ღვინის სოფელში შეიძინოს სახლი. პროექტს დაემატება სარეკრეაციო სივრცეები. ეს იდეა დამკვეთებიდან წამოვიდა, მათ უნდოდათ, რომ საკუთარ ეზოში გაეკეთებინათ სარეკრეაციო სივრცე. გადავწყვიტეთ, ეს ყველაფერი ერთად მოგვექცია და გაგვეკეთებინა ბავშვების გასართობი სივრცე, საცურაო აუზი, სპორტული მოედანი, ღვინის შექმნისთვის საჭირო საერთო ინფრასტრუქტურა, ღვინის გამოფენების და ფესტივალებისთვის სივრცე, რომელიც მაქსიმალურად იქნება დატვირთული ეთნოელემენტებით, რათა საერთო კონცეფცია არ დაირღვეს. 



საერთო ჯამში, ვქმნით თანამედროვე სოფლის მოდელს და ვფიქრობთ, რომ სწორ გზაზე ვდგავართ. ამავე დროს ხელს ვუწყობთ 8 000 წლოვანი ღვინის კულტურის პოპულარიზაციას“, - ამბობს გიორგი ბეგაძე.

მან UNWTO-ს მიერ 2020 წლის სოფლის ტურიზმის წლად გამოცხადების შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ღვინის სოფლის“ კონცეფციით გარკვეულწილად პასუხობენ იმ მოლოდინებს და გამოწვევებს, რაც დღეს მსოფლიოშია.

გიორგი ბეგაძის ინფორმაციით, დღეისთვის სოფლის ინფრასტრუქტურული მოწყობა დასრულებულია და თითოეულ სახლამდე მიყვანილია გაზი, წყალი, ელექტროენერგია და ყველა საჭირო გაყვანილობა. დღეს კი, სოფელში 5-6 სახლის სამშენებლო და გადახურვითი სამუშაოები მიმდინარეობს.

„ჩვენთვის რთული იყო იმის შეფასება, თუ რა მოცულობის დაკვეთები გვექნებოდა, რადგან ამ მიმართულებით პირველ პროექტს ვახორციელებთ. პროცესი ჩვენულებრივად მიმდინარეობს, სამუშაოები არ გაგვიჩერებია და დღეისთვის პროექტის, დაახლოებით, 30% გაყიდულია“, - უთხრა BM.GE-ის კომპანიის თანადამფუძნებელმა.

მისივე თქმით, კომპანია გაზრდილი საინვესტიციო ხარჯებისა და ლარის გაუფასურების გათვალისწინებით ცდილობს, რომ გასაყიდი ფასი დიდად არ გაზარდოს, თუმცა ეს ფაქტორები სახლების ღირებულებაზე გავლენას ახდენს.

„პროექტის ღირებულებამ მოიმატა, თუმცა მომხმარებელს დამოუკიდებლად რომ შეექმნა ეს სივრცეები, გაცილებით ძვირი დაუჯდებოდათ. პროექტის გაზრდილმა ღირებულებამ, რა თქმა უნდა, გაზარდა ფასიც. ვცდილობთ, რომ არ შევცვალოთ საფასო პოლიტიკა, თუმცა პროდუქტის ფასზე სამშენებლო მასალების გაძვირებაც ახდენს გავლენას, რაც გაუფასურებული ლარის შედეგად ხდება. მიუხედავად ამისა, ვეცდებით, რომ ცვლილება არ იყოს დიდი და ვფიქრობთ, თუ 100 დოლარის ღირებულება 30 ლარით გაიზრდება, ფასებს 15 ლარით მოვუმატებთ. ანუ ჩვენთან შესაძენი ქონების ფასი ლარის გაუფასურების პირდაპირპროპორციულად არ იქნება“, - აღნიშნა გიორგი ბეგაძემ.

ცნობისთვის: სახლებისა და მიწის ნაკვეთების ღირებულება 60 000-დან 100 000 დოლარამდეა, ხოლო სახლების ფართობი 60 მ2-დან 120 მ2-მდეა. ეთნოსოფლის მშენებლობა 2022 წლისთვის დასრულდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები