მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2021 წლის პირველ კვარტალში საქართველოში უმუშევრობა 21.9%-მდე გაიზარდა

60a60eb7dc7e1
შოთა ტყეშელაშვილი
20.05.21 11:26
1353
2021 წლის პირველ კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე 21.9%-მდე გაიზარდა - ამის შესახებ საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. წინა კვარტალთან შედარებით უმუშევრობის დონე 1.5 პროცენტული პუნქტით, ერთი წლის წინ არსებულ მაჩვენებელთან შედარებით კი უმუშევრობა 3.6 პროცენტული პუნქტით გაიზარდა. 

საქსტატის თანახმად, უმუშევრობის ზრდასთან ერთად, ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის წილიც შემცირებულია. 

"2021 წლის I კვარტალში სამუშაო ძალამ (ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ) შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის (15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობა) 48.3 პროცენტი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.0 პროცენტული პუნქტით ნაკლებია, ხოლო დასაქმების დონე შემცირებულია 4.2 პროცენტული პუნქტით და 37.7 პროცენტს შეადგენს. სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (აქტიურობის დონე) ქალაქის ტიპის დასახლებებში შემცირდა 2.3 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში - 3.8 პროცენტული პუნქტით. დასაქმების დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში შემცირდა 4.9 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში - 3.3 პროცენტული პუნქტით.

2021 წლის I კვარტალში უმუშევრობის დონე საქალაქო დასახლებებში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაზრდილია 5.7 პროცენტული პუნქტით, ხოლო სასოფლო დასახლებებში - 0.4 პროცენტული პუნქტით", - ნათქვამია საქსტატის ანგარიშში. 



საქსტატის ანგარიშში საუბარია დასაქმების დონეზე გენდერულ ჭრილში. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ ეკონომიკურად აქტიურ მოსახლეობაში, კაცებს შორის დასაქმების დონე 45.5%-მდე არის შემცირებული, ხოლო ქალებში დასაქმების წილი 30.9%-ია. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები