პარლამენტში უკვე შევიდა 2022 წლის ბიუჯეტის შესახებ ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებული პროექტი. დოკუმენტის თანახმად, მომდევნო წელს მთავრობა 6%-იან ეკონომიკურ ზრდას ელოდება, რის შედეგადაც მშპ-ის ზომა ნომინალურ 64.7 მილიარდ ლარამდე უნდა გაიზარდოს. რაც შეეხება ბიუჯეტის ხარჯებს, ის 2021 წელთან შედარებით 1.05 მილიარდი ლარით, 18.5 მილიარდამდე მცირდება. ამ კლების ძირითადი მიზეზი პანდემიასთან დაკავშირებული ხარჯების 850 მილიონი ლარით შემცირებაა. უშუალოდ COVID-19-ის ვირუსის მართვისთვის ბიუჯეტში 500 მილიონი ლარი არის გათვალისწინებული, რაც წლევანდელთან შედარებით 310 მილიონით ნაკლებია.
სამინისტროებში დასაქმებული 112.7 ათასი ადამიანის ჯამური ხელფასი 2022 წელს 20 მილიონი ლარით, 1.65 მილიარდ ლარამდე იზრდება.
სამინისტროების მიხედვით, 18.4 მილიარდიანი ბიუჯეტი ასე ნაწილდება:
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო - 5.94 მილიარდი ლარი, 2021 წელთან შედარებით კლება 151 მილიონი ლარი. სამინისტროს შიგნით თანხები ასე ნაწილდება:
● მოსახლეობის საპენსიო უზრუნველყოფა - 2.88 მილიარდი ლარი, დოკუმენტის თანახმად, 70 წლამდე პენსიონერებისთვის საბაზისო პენსია - 260 ლარი, 70 წელს ზემოთ კი 300 ლარი იქნება.
● სოციალურად დაუცველთა დახმარება - 983 მილიონი ლარი;
● COVID-19-ის მართვა 500 მილიონი ლარი, კლება 2021 წელთან 310 მლნ ლარი;
● საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა - 820 მილიონი ლარი;
● იმუნიზაცია - 50 მილიონი ლარი;
ინფრასტრუქტურის სამინისტრო - 2.84 მილიარდი ლარი, ზრდა 2021 წელთან 323 მილიონი ლარი;
განათლების სამინისტრო - 1.64 მილიარდი ლარი, ზრდა 2021 წელთან 113 მილიონი ლარი - დოკუმენტის თანახმად, დაგეგმილია 2022 წლიდან პედაგოგების საბაზისო ხელფასების 100 ლარით ზრდა.
კულტურის და სპორტის სამინისტრო - 343 მილიონი ლარი; კლება 2021 წელთან 8.6 მილიონი ლარი;
გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო - 577 მილიონი ლარი, კლება 2021 წელთან 51 მილიონი ლარი;
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის გათვალისწინებულია 741.0 მლნ ლარი, რაც 2021 წლის დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით გაზრდილია 98.2 მლნ ლარით;
იუსტიციის სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 268.4 მლნ ლარი, რაც 2021 წელთან შედარებით 28 მილიონით ნაკლებია;
საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 175.5 მლნ ლარი, რაც 2021 წელთან შედარებით 5 მილიონით მეტია;
თავდაცვის სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 918.0 მლნ ლარი, რაც 2021 წელთან შედარებით 12 მილიონით ნაკლებია;
შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 800.0 მლნ ლარი, რაც 2021 წელთან შედარებით 20 მილიონი ლარით მეტია.
ეს ბიუჯეტის პირველადი ვერსიაა და საბოლოო დამტკიცებამდე, სავარაუდოდ, რიგი ცვლილებები შევა.