მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ADB-ის მხარდაჭერით, თბილისის მეტროზე წვდომის გაზრდის $16 მლნ-იანი პროექტი განხორციელდება

637c7cd6f21d6
ვიქტორია მღებრიშვილი
22.11.22 11:44
785
თბილისის მერია, აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით მეტროსადგურებზე წვდომის გაზრდის მიზნით 16 მლნ დოლარიან პროექტს განახორციელებს. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით, პროექტი ADB-ს პროგრამა „ქალაქები მდგრადი განვითარების“ პროგრამის ფარგლებში განხორციელდება და გულისხმობს როგორც შიდა სივრცეების, ასევე მეტროს მიმდებარე ტერიტორიების კეთილმოწყობას.

„აზიის განვითარების ბანკის (ADB) დაფინანსებით, ქალაქების მდგრადი განვითარების საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში, მიმდინარეობს პროექტი „ქალაქ თბილისის მეტროსადგურების მისაწვდომობის გაზრდა და გარე ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება“, რომლის სავარაუდო ღირებულება 16 მლნ დოლარია. პროექტი მოიცავს თბილისის ოთხ მეტროსადგურზე („ახმეტელის თეატრი“, „დიდუბე“, „დელისი“, „ტექნიკური უნივერსიტეტი“) მისაწვდომობის გაზრდას; დამატებითი ამოსასვლელების მოწყობას მეტროსადგურების - „ახმეტელის თეატრისა“ და „მარჯანიშვილის“ ტერიტორიაზე, ხოლო მიწისზედა ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას 12 მეტროსადგურისთვის. ესენია: „ღრმაღელე“, „ნაძალადევი“, „სადგურის მოედანი“, „მარჯანიშვილი“, „რუსთაველი“, „თავისუფლების მოედანი“, „300 არაგველი“, „ისანი“, „ტექნიკური უნივერსიტეტი“, „დელისი“, „დიდუბე“ და „ახმეტელის თეატრი“. ამასთანავე, შერჩეული სადგურების სრულ მექანიზაცია-აღჭურვას შშმ პირებისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ამჟამად, მეტროსადგურების განახლების ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევისა და დეტალური დიზაინის მომზადებაზე შესაბამისი სატენდერო პროცედურები მიმდინარეობს.

„ამჟამად, მიმდინარეობს სატენდერო პროცედურები საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვაზე. აღნიშნულ მომსახურებაში იგულისხმება მეტროსადგურების განახლების ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა და დეტალური დიზაინის მომზადება. საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვა გამოცხადდა 2022 წლის 6 ოქტომბერს, ხოლო ინტერესთა გამოხატვის ეტაპი დასრულდა 2022 წლის 11 ნოემბერს. ამჟამად, მიმდინარეობს იმ კომპანიების შეფასება, რომლებმაც ინტერესი გამოხატეს. გადარჩეულ კომპანიებს შორის ჩატარდება კონკურსი. ტექნიკური და ფინანსური წინადადებების შეფასების შედეგად გამოვლენილ გამარჯვებულ კომპანიასთან კონტრაქტი სავარაუდოდ, მაისში გაფორმდება.

ტექნიკური დავალების თანახმად, საკონსულტაციო მომსახურების გაწევის ვადა 10 თვეა, რის შემდეგაც გამოცხადდება ტენდერი სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

თბილისის მერმა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებს პროექტების განხორციელებისას თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები