მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ამერიკის სავაჭრო პალატა ფინანსთა მინისტრს მიმართავს

5cfa4264f3bb8
BM.GE
07.06.19 14:50
1420
საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატა და ევროკავშირი-საქართველო ბიზნეს საბჭო საქართველოს ფინანსთა მინისტრს ივანე მაჭავარიანს მიმართავს. გთავაზობთ წერილს, რომლითაც ბიზნესსაბჭოსა და სავაჭრო პალატის ხელმძღვანელები ივანე მაჭავარიანისგან იმ გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვენ, რომლითაც მინისტრი ე.წ. თეთრ სიაში შემავალ იმპორტიორებს შეღავათებს უხსნის. 

“ბატონო მინისტრო, 2019 წლის 3 ივნისს ფინანსთა სამინისტრომ გამოსცა ბრძანება, რომლითაც განხორციელდა ცვლილება იმპორტზე გადასახადების გადახდის პროცედურაში, რომლის მიხედვითაც ყველა კომპანიას მოუწევს გადასახადების გადახდა იმპორტირებული საქონლის შემოტანიდან 5 დღის ვადაში, ნაცვლად 30 დღის ვადისა, რომლითაც ამჟამად ბევრი კომპანია სარგებლობს. აღნიშნული ცვლილება განხორციელდა ყოველგვარი კონსულტაციისა და წინასწარი შეტყობინების გარეშე, ზოგ კომპანიასთან მიმართებაში კი, ძალაში შედის შემდეგ კვირას.

აღნიშნული ცვლილება მოახდენს უდიდეს ზეგავლენას იმპორტიორი კომპანიების ფინანსურ ნაკადზე, მათ შორის ბევრ მათგანზე, რომლებიც ისედაც იმყოფებოდნენ რთულ მდგომარეობაში გაზრდილი აქციზის გადასახადის გამო. შედეგად, ბევრ კომპანიას მოუწევს სესხის აღება, ფასების გაზრდა ან შესაძლოა თანამშრომლების სამსახურიდან გათავისუფლებაც.

ამასთან ერთად, ჩვენ ძალზედ შეწუხებულები ვართ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ აისახება ეს ცვლილება საქართველოს ბიზნეს გარემოს განჭვრეტადობაზე. ჩვენ არაერთგზის გამოგვიხატავს წუხილი საქართველოს მართლმსაჯულებაში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით, რომლებიც გაურკვევლობას უქმნიან საქართველოს ბიზნესებს. იმ შემთხვევაში, თუკი სახელმწიფო განახორციელებს ცვლილებებს საგადასახადო სისტემაში კონსულტაციებისა და სათანადო წინასწარი შეტყობინების გარეშე, ეს იქნება ძალიან ცუდი სიგნალი ინვესტორებისთვის და ეჭვგარეშე უარყოფითად იმოქმედებს ბიზნეს გარემოსა და ზოგადად ინვესტორების ნდობაზე. აღნიშნული ცვლილება უცხოური ინვესტიციების შემოდინებისა და სამუშაო ადგილების შექმნის ნაწილში მხოლოდ ზიანის მომტანი იქნება.

შესაბამისად, ჩვენი თხოვნაა, რომ აღნიშნული ცვლილება შეჩერდეს, რათა წარიმართოს სათანადო კონსულტაციები ცვლილებებით გამოწვეული ზეგავლენის თაობაზე.

როგორც ყოველთვის, მზადყოფნას გამოვთქვამთ შესახვედრად და ამ საკითხების განსახილველად თქვენთვის ხელსაყრელ დროს”,- ნათქვამია მიმართვაში, რომელსაც ხელს აწერენ: მაიკლ ქოუგილი, საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტი და ზვიად ჭუმბურიძე, ევროკავშირი-საქართველო ბიზნეს საბჭოს გენერალური მდივანი.

წერილის ასლი გაგზავნილია პრემიერთან და ბიზნესომბუდსმენთან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები