თანაინვესტირების ფონდის ყოფილი CEO-ს, გიორგი ბაჩიაშვილის უფლებების დაცვის პროცესში საერთაშორისო იურიდიული ფირმა Amsterdam & Partners-ი ჩაერთო, რომლის მმართველი პარტნიორიც, რობერტ ამსტერდამი პროკურატურის მიერ 6 ივლისს გაჟღერებულ ბრალდებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.
პროკურატურის ინფორმაციით, გიორგი ბაჩიაშვილმა არ შეასრულა ბიძინა ივანიშვილის წინაშე აღებული ვალდებულება და შედეგად მიითვისა 8,253 ცალი ბიტკოინი, რომელთა ღირებულებაც მითვისების პერიოდში $39 მილიონი დოლარი იყო. (ამჟამად $258 მლნ). საქმეზე ბაჩიაშვილს აღკვეთის ღონისძიებად სასამართლომ 2.5 მილიონი ლარის გირაო შეუფარდა.
"ჩვენს ფირმას აქვს პატივი იმოქმედოს როგორც ბ-ნი ბაჩიაშვილის საერთაშორისო იურდიულმა მრჩეველმა და ჩვენ ვაპირებთ აგრესიულად ვიმოქმედოთ მისი უფლებების დასაცავად და უდანაშაულობის დასამტკიცებლად ამ აბსურდული, პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებების შემდეგ. ჩვენ კარგად გვესმის, რომ ამ ბრალდებების სათავე არ ეფუძნება არცერთ ფაქტობრივ დასკვნას და არც სერიოზულ გამოძიებას, სამაგიეროდ, ბრალდებები, როგორც ჩანს, მიზანმიმართული დევნის შედეგია.
გიორგი ბაჩიაშვილი არის დიდი გამოცდილების მქონე მეწარმე უნაკლო რეპუტაციით, რომელსაც ახლა დევნიან მისი პოლიტიკური შეხედულებების გამო. ეს ბრალდებები ქვეყნის სირცხვილია და ჩვენ ვაპირებთ გავამართლოთ ჩვენი კლიენტი ჩვენს ხელთ არსებული ყველა ბერკეტით, როგორც ქვეყნის შიგნით – ჩვენს ადვოკატთან ერთად საქართველოში, ისე საერთაშორისო დონეზე,"- ნათქვამია იურიდიული ფირმის მმართველი პარტნიორის განცხადებაში.
პროკურატურის ბრალდება გიორგი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ