საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების ფაქტზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის და იურიდიული პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.
პროკურატურის ინფორმაციით, საზღვარგარეთ დოკუმენტების გაყალბების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ნასამართლევმა ბრალდებულმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების მიზნით, სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების განზრახვის გარეშე, საქართველოში საწარმო დააფუძნა, რომლის საბანკო ანგარიშზეც უცხოეთიდან, დაუსაბუთებელი წარმომავლობის 496 000 აშშ დოლარი ჩარიცხა.
"შემდგომში, საწარმოს საბანკო ანგარიშზე აკუმულირებული, დაუსაბუთებელი წარმომავლობის თანხის კონვერტირებული ნაწილი, როგორც თითქოს კანონიერი სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი, ბრალდებულმა პირად საბანკო ანგარიშზე გადაიტანა, კონვერტაციით კვლავ გარდაქმნა უცხოურ ვალუტაში და გადარიცხა საზღვარგარეთ, როგორც პირად და ისე მასთან დაკავშირებული პირის საბანკო ანგარიშებზე.
უცხო ქვეყნის მოქალაქის და იურიდიული პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დაიწყო, რაც ფიზიკურ პირთან მიმართებით სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, ხოლო იურიდიულ პირთან მიმართებით - ლიკვიდაციას ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას და ჯარიმას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. პატიმრობის გამოყენების შემთხვევაში მის მიმართ გამოცხადდება ძებნა.
გამოძიების ფარგლებში დაყადაღებულია, დაახლოებით 570 000 ლარის ეკვივალენტი უცხოური ვალუტა. სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოსართმევად პროკურატურა შესაბამის სამართლებრივ პროცედურებს გაატარებს", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
























