მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

APM Terminals-ი შეშფოთებას გამოთქვამს საზღვაო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების გამო და კანონპროექტის გახმობას ითხოვს

6260357a06477
თამთა ჯიჯავაძე
20.04.22 20:31
948
APM Terminals-ი შეშფოთებას გამოთქვამს საზღვაო კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით და პარლამენტს მოუწოდებს კანონპროექტი გაიხმოს. როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, შემოთავაზებული ცვლილებები გავლენას მოახდენს კომპანიის ზოგიერთ უფლებაზე, კომპანიის მიმდინარე ვალდებულებების გათვალისწინების გარეშე. სწორედ ამიტომ, APM Terminals-ი სთხოვს საქართველოს პარლამენტს, მხედველობაში მიიღოს დაინტერესებული მხარის, ეიპიემ ტერმინალს ფოთის ინტერესები, შეაჩეროს კანონპროექტის განხილვა და გაიხმოს კანონპროექტი.

„აღნიშნული კანონპროექტი ეწინააღმდეგება და უგულებელყოფს პრივატიზების ხელშეკრულებებით, ასევე, საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს შორის გაფორმებული ორმხრივი საინვესტიციო ხელშეკრულებით სახელმწიფოს მიერ ნაკისრ ვალდებულებებს. კანონპროექტს შემოაქვს ახალი რეგულაციები შესასვლელ არხთან დაკავშირებით და მიზნად ისახავს დაადგინოს, თუ როგორ უნდა დაირიცხოს სანავსადგურე გადასახადი მომხმარებლებისთვის და როგორ უნდა გადანაწილდეს შესასვლელი არხის საპროექტო სიღრმის შენარჩუნებასთან დაკავშირებული ხარჯები სანავსადგურე ერთეულებს შორის. ასევე, ადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს“ უფლებამოსილებას, სანავსადგურე ერთეულებს შორის შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, შეინარჩუნოს ფოთის საზღვაო ნავსადგურის შესასვლელი არხის საპროექტო სიღრმე და აკრიფოს გადასახადები, ისეთი ჰიდროტექნიკური ნაგებობების მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებული ხარჯების გათვალისწინების გარეშე, როგორიცაა ტალღმჭრელი მოლო (Breakwater) - ეიპიემ ტერმინალს ფოთის საკუთრებაში არსებული აუცილებელი ინფრასტრუქტურა შესასვლელი არხის შესანარჩუნებლად“, - აღნიშნულია მათ განცხადებაში.

„ჩვენ ვმუშაობთ ლოგისტიკური დერეფნის განვითარებაზე და რეალიზებაზე, რომელიც ცენტრალურ აზიას მსოფლიოსთან დააკავშირებს ფოთის საზღვაო ნავსადგურის მეშვეობით. ამასთანავე, ვისწრაფვით გავხდეთ მთავარი კარიბჭე და მივაწოდოთ მსოფლიო დონის სერვისები ჩვენს მომხმარებლებს, და წვლილი შევიტანოთ ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობაში. ამიტომ მიგვაჩნია, რომ კანონპროექტის ინიციატორებმა უნდა გადახედონ გადაწყვეტილებას საკანონმდებლო ცვლილებების განხილვის შესახებ რათა საფრთხე არ შეუქმნან ქვეყნის საინვესტიციო გარემოს,” – ამბობს კელდ მოსგაარდ ქრისტენსენი, ეიპიემ ტერმინალს ფოთის გენერალური დირექტორი.

კომპანიაში აცხადებენ, რომ შემოთავაზებული რეგულაციები არღვევს და ზღუდავს ინვესტორის უფლებებს, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ საკუთრების, თავისუფალი მეწარმეობის უფლებებს, შეუსაბამოა კონკურენციის მარეგულირებელ კანონმდებლობასთან და სახელმწიფოს ვალდებულებასთან ხელი შეუწყოს კონკურენციის განვითარებას.

„აღსანიშნავია, რომ დაინტერესებულ მხარეებს არ მიეცათ საშუალება მიეღოთ მონაწილეობა პროექტის შემუშავების პროცესში. გარდა ამისა, არ ჩატარებულა რეგულირების ზეგავლენის შეფასება და არც გარე ექსპერტი ყოფილა ჩართული პროექტის შემუშავების პროცესში. კანონპროექტის გაცხადებული მიზანი ბიზნეს ოპერატორების ინტერესების დაბალანსებაა, სინამდვილეში კი შემოთავაზებული ცვლილებები ვერ უზრუნველყოფს ეიპიემ ტერმინალსის, როგორც ინვესტორისთვის, სამართლიან და თანასწორ მოპყრობას. კანონპროექტი მნიშვნელოვნად ზღუდავს კომპანიისთვის შემოსავალის მიღების შესაძლებლობას, რომელიც გარანტირებული იყო პრივატიზების ხელშეკრულებებით, თუმცა უტოვებს მნიშვნელოვან ფინანსურ ვალდებულებებს, სტანდარტების შესაბამისად შეინარჩუნოს ტალღმჭრელი მოლო და სხვა ინფრასტრუქტურული ობიექტები პორტის ყველა მომხმარებლისა და ოპერატორის სასარგებლოდ.

ინვესტორების უფლებამოსილებების დაბალანსებისთვის წარმოდგენილი კანონპროექტი ფაქტობრივად გაურკვეველ სიტუაციას ქმნის, საფრთხეში აგდებს ამჟამად არსებულ უსაფრთხო და ეფექტურ ოპერაციებს ნავსადგურში, რომ აღარაფერი ვთქვათ იმ მნიშვნელოვან დისბალანსზე, რაც ზემოაღნიშნული ძირითადი ხელშეკრულებით გარანტირებულ უფლებებსა და მოვალეობებს შორის იქმნება“, - წერია მათ მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზში.

ამასთან, ეიპიემ ტერმინალს ფოთი მიიჩნევს, რომ არ არის დაცული სამართლებრივი განსაზღვრულობის პრინციპი, რაც საფრთხეს შეუქმნის ქვეყანაში საინვესტიციო გარემოს და მდგრად ეკონომიკურ განვითარებას. „აღსანიშნავია, რომ ეიპიემ ტერმინალს ფოთი ყოველთვის უზრუნველყოფდა და უზრუნველყოფს ფოთის საზღვაო ინფრასტრუქტურაზე წვდომას თავისუფალ და თანაბარ პირობებში; ამასთანავე, მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ ეიპიემ ტერმინალსის მენეჯმენტში მოსვლის შემდეგ, დროთა განმავლობაში ნავსადგურის დახურვის წლიური დღეები 120-დან 20-მდე შემცირდა, რაც ცალსახად მიუთითებს ნავსადგურის ინფრასტრუქტურაზე მუდმივ ზრუნვასა და განვითარებაზე, როგორც ეს პრივატიზების ხელშეკრულებებით იყო გათვალისწინებული“, - აღნიშნულია პრეს-რელიზში.

აღსანიშნავია, რომ ახალი კანონპროექტის 74 პრიმა მუხლში წერია: "საერთო შესასვლელ არხში ან/და შესასვლელი არხის საერთო ნაწილში საპროექტო სიღრმეების შენარჩუნებისათვის პასუხისმგებლობა ეკისრებათ სანავსადგურე ერთეულებს.

საერთო შესასვლელი არხის ან/და შესასვლელი არხის საერთო ნაწილის ფსკერდაღრმავებითი სამუშაოების ხარჯი უნდა განაწილდეს სანავსადგურე ერთეულებს შორის, თითოეულ სანავსადგურე ერთეულში, ამ მუხლის მე - 5 ნაწილში აღნიშნული ხელშეკრულებით განსაზღვრულ საანგარიშო პერიოდში შესული გემების წყალწყვის ჯამური მაჩვენებლის პროპორციულად,"- ნათქვამია დოკუმენტში.

ცნობისთვის, „კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგური“ არის საქართველოში დაფუძნებული იურიდიული პირი, რომლის წილთა 100%-ის მესაკუთრეს წარმოადგენს APM Terminals B.V. ეიპიემ ტერმინალსი არის Maersk ჯგუფის წევრი კომპანია, სათაო ოფისით ჰააგაში, ნიდერლანდების სამეფოში, რომელიც ახორციელებს 75 საზღვაო ნავსადგურისა და ტერმინალის ოპერირებას ხუთ კონტინენტზე, მსოფლიოს 42 ქვეყანაში. APM Terminals 2011 წლიდან უზრუნველყოფს ფოთის საზღვაო ნავსადგურის ოპერირებას მისი შვილობილი კომპანიის სს "კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურის“ მეშვეობით. ეიპიემ ტერმინალს ფოთი ბაზრის მთავარი მოთამაშეა კავკასიის რეგიონსა და ცენტრალურ აზიაში და მნიშვნელოვანი კონტრიბუცია შეაქვს ქვეყნის და მოსახლეობის ეკონომიკურ განვითარებაში. კომპანიის მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საზოგადოების კეთილდღეობაში. ეიპიემ ტერმინალს ფოთი არის ქვეყანაში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელი და მუდმივად ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს.

შეგახსენებთ, ფოთის პორტმა 2021 წლის განმავლობაში 187.5 მილიონი ლარის შემოსავალი გამოიმუშავა; კომპანია სულ 771 გემს და 302,082 კონტეინერს მოემსახურა. პორტის შემოსავალი 2020 წელთან შედარებით 4%-ით არის შემცირებული. 2021 წელს ფოთის პორტის წმინდა მოგებამ 83.2 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 2020 წელთან შედარებით 37.8 მილიონი ლარით ნაკლებია.

პორტის 187-მილიონიანი შემოსავლის დიდი ნაწილი 89.9 მლნ ლარი ტვირთებიდან მიღებული შემოსავალია, 52.7 მილიონი საზღვაო მომსახურების ამონაგებია, იჯარიდან 22.9 მილიონი, 15.1 მილიონი სახმელეთო მომსახურების შემოსავალი, 6.7 მილიონი კი სხვა მომსახურებიდან მიღებული ამონაგებია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები