მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბანკები მოგების გადასახადის ე.წ. ესტონურ მოდელზე აღარ გადავლენ - ღარიბაშვილი

638dc5e3de696
ინგა მურუსიძე
05.12.22 14:19
14489
ბანკები და საფინანსო სექტორი აღარ გადადიან მოგების გადასახადის ე.წ. ესტონურ მოდელზე, - შესაბამისი გადაწყვეტილება მთავრობის ეკონომიკურ საბჭოზე მიიღეს და დღეს, მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გააჟღერა. პრემიერის თქმით, შესაბამისი ინიციატივით მთავრობა პარლამენტს მიმართავს.

"ეკონომიკური საბჭოს ფორმატში მნიშვნელოვანი განხილვები გვქონდა და გადაწყვეტილებებიც მივიღეთ. გადავწყვიტეთ, ბანკები და საფინანსო სექტორი აღარ გადადიან მოგების გადასახადის ე.წ. ესტონურ მოდელზე, მათთვის შევინარჩუნებთ მოგების გადასახადის არსებულ სისტემას. ეს ესტონური მოდელის ჩანაწერი გაუქმდება, ამ ინიციატივით შევდივართ პარლამენტში. გაუმართლებელია, რადგან ბანკებს ამხელა მოგება აქვთ. 2 მლრდ იქნება ბანკების სუფთა მოგება წლის ბოლომდე. გარდა ამისა, მოგების გადასახადი ბანკებისთვის იქნება 20%, ნაცვლად 15%-ისა და ამით ჩვენ დამატებითი შემოსავლების მიღებას ვვარაუდობთ 2024 წლიდან", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ცნობისთვის, მოგების გადასახადის ე.წ. ესტონური მოდელი ბიზნესისთვის 2018 წლიდან ამოქმედდა, რომელიც ბიზნესს მოგების გადასახადისგან ათავისუფლებს, თუ თანხა კომპანიაში რეინვესტირდება. მაშინ ითქვა, რომ მოგების გადასახადის აღნიშნული მოდელი საფინანსო სექტორზე 2019 წლიდან უნდა გავრცელებულიყო, თუმცა მთავრობის გადაწყვეტილებით, ამ პროცესმა 2023 წლამდე გადაიწია. რამდენიმე კვირის წინ კი ფინანსთა მინისტრმა გიორგი კაკაურიძემ განაცხადა, რომ ბანკები ე.წ. ესტონურ მოდელზე 2023 წელსაც არ გადავიდოდნენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები