კომპანია "ბილაინმა" სახელმწიფო სტრუქტურების კორპორაციული მომსახურების მიზნით გამოცხადებულ კონსოლიდირებულ ტენდერში დისკვალიფიკაციის შესახებ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ოქმი გაასაჩივრა. როგორც კომპანიის გენერალური დირექტორი გიორგი ტყეშელაშვილი ბიზნესკონტრაქტთან საუბრისას აცხადებს, კომპანია ტენდერის ყველა პირობას აკმაყოფილებდა და სატენდერო კომისიის გადაწყვეტილება მათთვს მოულოდნელი იყო.
"ჩვენი მოსაზრებით ტენდერის ყველა პირობას ვაკმაყოფილებთ და გასაკვირი აღმოჩნდა ჩვენთვის, რომ სატენდერო კომისიამ ჩვენი დისკვალიფიკაციის გადაწყვეტილება მიიღო, მას შემდეგ რაც მარეგულირებელი კომისიისგან მიიღო წერილი.
სატელეკომუნიკაციო ბაზარზე ცოტა არაჯანსაღი სიტუაციაა, არის დუოპოლია. ჩვენ ვთვლით რომ ეს დუოპოლია დასრულდება და მესამე კომპანიასაც მიეცემა საშუალება შევიდეს ბაზარზე, შედეგად კონკურენცია გაიზრდება და გარემო გაჯანსაღდება, - ამით მხოლოდ მომხმარებელი გაიმარჯვებს.
ჩვენ ვმოქმედებთ საქართველოს კანონმდებლობით და სამართლებრივი გზით ვიბრძვით. სახელწმიფო ტენდერებში პირველად ვაკმაყოფილებდით წელს კრიტერიუმებს და ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება“, - განაცხადა კომპანიის გენერალურმა დირექტორმა.
სახელმწიფო უწყებების მობილური მომსახურებით უზრუნველსაყოფად სახელმწიფო ტენდერი ხელმეორედ გამოცხადდება.

























