საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში ე.წ. „საპოლიციო გამოსახლების“ ინსტიტუტის გაუქმებასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის ძალაში შესვლას ნეგატიურად აფასებენ.
“საქართველოს პარლამენტში შესაბამისი ცვლილებების განხილვის დაწყების დღიდან საქართველოს ბიზნეს ასოციაცია აქტიურად ადევნებდა თვალს და ჩართული იყო სამუშაო პროცესში როგორც საკანონმდებლო, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების დონეზე და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასაც წარუდგინა შესაბამისი არგუმენტები, თუ რატომ იყო დაუშვებელი ამ ეტაპზე საპოლიციო გამოსახლების ინსტიტუტის გაუქმება.
ეს სწორედ ის შემთხვევაა, როდესაც პრობლემა არა კომუნიკაციის დეფიციტი, არამედ აშკარა და საყოველთაოდ ცნობილი ფაქტების გაუთვალისწინებლობა და იგნორირებაა.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საერთო სასამართლოების სისტემა დღეს ისედაც გადატვირთულია სამოქალაქო საქმეებით, რის გამოც საქმეთა განხილვის ვადები სისტემატურად ირღვევა და გადაწყვეტილებების მიღებას ხშირად წელიწადზე მეტი სჭირდება, ხსენებული საკანონმდებლო ცვლილებები ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ ნებისმიერი მესაკუთრე ამ ქვეყანაში დღეიდან დგას რისკის წინაშე, რისკისა, რომ მან სულ მცირე ერთი წელი მოანდომოს დავას თავისი საკუთრების უკან დასაბრუნებლად და დასაცავად; ეს ნიშნავს იმას, რომ ირღვევა სახელმწიფოს მიერ კონსტიტუციით ნაკისრი ვალდებულება, დაიცვას თითოეული ადამიანის საკუთრების უფლება და ამ მიზნით შესთავაზოს მესაკუთრეებს უფლების დაცვის ეფექტური მექანიზმები.
გარდაუვალი უარყოფითი შედეგების წინაშე დგას ასევე უძრავი ქონების ბაზარი და ფინანსური სექტორიც.
რაც ყველაზე მთავარია, იმ ადამიანების მდგომარეობა, ვის „სასიკეთოდაც“ ერთი შეხედვით იქნა კანონპროექტი მიღებული, ვერანაირად ვერ შემსუბუქდება და მათი პრობლემების გადაჭრა მხოლოდ დროში გაიწელება.
სწორედ ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, საქართველოს ბიზნეს ასოციაცია მიიჩნევს, რომ გამოყენებული უნდა იქნეს ყველა არსებული სამართლებრივი მექანიზმი და პარტნიორ ბიზნეს ასოციაციებთან იწყებს კონსულტაციებს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში შესაბამისი სარჩელის შეტანის შესაძლებლობის განსახილველად”, - განმარტავენ ბიზნეს ასოციაციაში. .