მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Brexit და საქართველო: რა იქნება შემდეგ?

5e3860ca0c08f
ეგნატე შამუგია
03.02.20 21:42
3906
გასულ კვირას გაერთიანებული სამეფო ევროკავშირიდან ოფიციალურად გავიდა, რომელის საფუძველი 2016 წელს გამართული რეფერენდუმია, სადაც 51.9%-მა მხარი ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლას დაუჭრია. 2020 წლის ბოლომდე კი გარდამავალი პერიოდი იქნება. მომდევნო 11 თვე ევროკავშირსა და ბრიტანეთს შორის იგივე სავაჭრო პირობები იარსებებს. პარალელურად, სავაჭრო შეთანხმებებზე მოლაპარაკება გაიმართება, სადაც დიდი ბრიტანეთის მიზანი გარდამავალი პერიოდის შემდეგ, ევროკავშირთან სავაჭრო ბარიერების არარსებობა - თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მიღწევაა. ამ მოლაპარაკების დაწყებისთანავე ბრიტანეთს უკვე ფორმალური ნებართვა ექნება იმისა, რომ დანარჩენ ქვეყნებთანაც აწარმოოს სავაჭრო მოლაპარაკებები. მაგალითად, გაერთიანებული სამეფოში ასეთ ქვეყნებად პირველ რიგში აშშ-ს, იაპონიას და ავსტრალიას მოიაზრებენ. სწორედ, ესაა გასვლის მომხრეების ერთ-ერთი არგუმენტი, რომ ბრიტანეთის დამოუკიდებელ სავაჭრო პოლიტიკას უფრო მეტი სარგებელი ექნება ქვეყნის ეკონომიკისთვის.

გაერთიანებულ სამეფოსა და ევროკავშირს შორის თავისუფალ ვაჭრობაზე შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში ბრიტანული პროდუქცია ევროკავშირის წევრ ქვეყნებისთვის გაძვირდება, ვინაიდან ევროკავშირის ბაზარზე ბრიტანეთისთვის საბაჟო ტარიფები და დამატებითი შემოწმების მექანიზმი ამოქმედდება. ეს კი ექსპორტის მოცულობას შეამცირებს და ბრიტანეთის ეკონომიკაზე ნეგატიურად აისახება. თუმცა, ასეთი რამ ყველაზე ნაკლებადაა მოსალოდნელი, რადგან სავაჭრო ურთიერთობის გაუარესება ორმხრივი დანაკარგია. უკვე არსებობს რამდენიმე ვარიანტი ბრიტანეთსა და ევროკავშირს შორის სავაჭრო ურთიერთობის გაგრძელების. მაგალითად, კანადასა და ევროკავშირს შორის ან ნორვეგიასა და ევროკავშირს შორის არსებული სავაჭრო შეთანხმების მსგავსი. 2018 წლის მონაცემებით, გაერთიანებული სამეფოს მთლიან ექსპორტში ევროკავშირის წილი 45.3%-ია, ხოლო ევროკავშირის სავაჭრო ხელშეკრულების მქონე ქვეყნებთან კი - 11.0%. რაც შეეხება იმპორტს, ბრიტანეთის მიერ იმპორტირებულ საქონელსა და მომსახურების მთლიან ღირებულებაში 53.0% ევროკავშირის წილია, ხოლო დანარჩენ 27 ქვეყანასთან ჯამურად გაერთიანებულ სამეფოს უარყოფითი სავაჭრო ბალანსი აქვს. განსაკუთრებით, გერმანია, ესპანეთი, ბელგია და ჰოლანდიასთან, რომლებიც ევროკავშირიდან ძირითადი სავაჭრო პარტნიორებია. ესე იგი, ბრიტანეთი ამ ქვეყნებში უფრო ნაკლებს საქონელსა და მომსახურებას ყიდის, ვიდრე მათგან ყიდულობს. შესაბამისად, თავისუფალ სავაჭრო ურთიერთობაზე შეუთანხმებლობა ევროკავშირის ქვეყნების ეკონომიკებისთვისაც ნეგატიური გავლენის მატარებელია. აღნიშნული კი ორივე მხარის მიერ სათანადო გაცნობიერებულია.

რეალურად საკითხი უშუალოდ მოლაპარაკების პროცესს უკავშირდება, სადაც სავაჭრო შეთანხმების მიღწევა დამატებითი პროცედურების გარეშე, მოკლე დროში ორივე მხარის ინტერესშია. ვინაიდან, შეთანხმების არარსებობის პირობებში არსებობს განუსაზღვრელობა, რაც ინვესტორთა რისკებს ზრდის და ეკონომიკურ აქტივობაზე ნეგატიურად იმოქმედებს. ამ ტიპის რისკების ზრდა გასული წლების ეკონომიკურ მდგომარეობაზე უკვე აისახა. თავის მხრივ, ბრიტანეთის ეკონომიკის წილი გლობალურ მშპ-ში 2.2%-ია და ევროკავშირის ქვეყნებიდან მხოლოდ გერმანიას (3.1%) გააჩნია უფრო დიდი ეკონომიკა. ამდენად, ბრიტანეთსა და ევროკავშირს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გლობალურ ზრდაზე მნიშვნელოვანი გავლენის მატარებელია. აღნიშნულ კი საქართველოზეც გააჩნია გავლენა, რადგან საქართველოს ეკონომიკა, მიუხედავად მისი მოცულობისა, საკმაოდ ღიაა და ეკონომიკური ზრდაში საგარეო მოთხოვნა და უცხოური ინვესტიციები განსაკუთრებულ როლს თამაშობს. თუ საქართველო სავაჭრო პარტნიორებში ეკონომიკური ზრდის ტემპი მაღალია, ეს მათი მხრიდან ექსპორტზე მოთხოვნას ზრდის, რაც ეკონომიკაზე დადებითად აისახება. 2019 წლის მონაცემებით, საქართველო მთლიან ექსპორტში ევროკავშირის წილი 21.9%-ია, რაც მთლიანი ეკონომიკის 4.7%-ს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი განსაკუთრებით დიდი არ არის, მაგრამ ევროკავშირის ეკონომიკური ზრდის ტემპის შენელება მასთან სავაჭრო ურთიერთობის გაღრმავების პერსპექტივაზე ნეგატიურად აისახება და არასაიმედო ქვეყნებთან სავაჭრო კავშირის გაღრმავებას ხელს შეუწყობს.

Brexit -მდე: საქართველო- ბრიტანეთის ეკონომიკური ურთიერთობა

საქართველოსა და ბრიტანეთს შორის სავაჭრო ურთიერთობა საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებულ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ფარგლებს მოიცავს. აღნიშნული შეთანხმებით განსაზღვრული სავაჭრო პირობები გაერთიანებულ სამეფოსთან მიმდინარე წლის ბოლომდე, გარდამავალ პერიოდამდე იარსებებს.



უშუალოდ საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის არსებულ ეკონომიკურ ურთიერთობა ვაჭრობას, ფულად გზავნილებს და ინვესტიციებს უკავშირდება. ამ ორ ეკონომიკას შორის სავაჭრო კავშირი არც თუ ისე დიდია და ბრიტანეთი საქართველო ძირითადი სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში არ შედის, ვინაიდან, 2019 წლის მონაცემებით, საქართველოს მთლიან ექსპორტში ბრიტანეთის წილი 0.9%-ია, რაც მშპ-ს 0.2%-ს შეადგენს. გასულ წელს ბრიტანეთში ექსპორტირებული საქონელი და მომსახურების ღირებულებამ 35.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ხოლო, იმპორტი კი - 109.9 მლნ აშშ დოლარი, რაც მთლიანი იმპორტის 1.2%-ს იკავებს. გასულ წელს გაერთიანებული სამეფოდან მიღებული გზავნილების ოდენობა 16.9 მლნ აშშ დოლარია, რაც მთლიანი გზავნილების 1.0% -ია, ხოლო ეს მაჩვენებელი მშპ-ს 0.1%-ს შეადგენს.



2018 წელს ბრიტანეთიდან საქართველოში განხორციელებულმა პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა (პიუ) 178.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც მშპ-ს 1.1%-ია. აღნიშნული მაჩვენებელი ამავე წლის მთლიან პიუ-ში 14.1%-ს იკავებს. 1997-2018 წლებში საქართველოში ბრიტანეთიდან საქართველოში ინვესტიციების ჯამური ოდენობა 2 152.8 მლნ აშშ დოლარია, რაც ყოველწიურად, მშპ-ს 1.0%-ს შეადგენდა. განსხვავებით ბრიტანეთში საქართველოდან საქონელი და მომსახურების ექსპორტის ზრდის ტემპისა, ბოლო წლებში, ადრეულ პერიოდთან შედარებით, საქართველოში ბრიტანული ინვესტიციების ზრდის ტემპი უფრო მაღალია.

Brexit-დან: საქართველო-ბრიტანეთის ეკონომიკური ურთიერთობა

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, გაერთიანებული სამეფოს ექსპორტის 11% ევროკავშირთან სავაჭრო შეთანხმების მქონე ქვეყნებთან (არაწევრი) სავაჭრო ურთიერთობას მოიცავს. ამ მაჩვენებელში ბრიტანეთიდან საქართველოში განხორცილებული ექსპორტიც შედის. გარდამავალი პერიოდის დასრულების შემდეგ, აღნიშნულ შეთანხმებებს გაერთიანებული სამეფო ავტომატურად გამოეთიშება. თუმცა, ამ დროისთვის გაერთიანებული სამეფოს მთავრობას 50-ზე მეტ ეკონომიკასთან მიღწეული აქვს შეთანხმება სავაჭრო ურთიერთობის უწყვეტობის შესახებ, მას შემდეგ, რაც გარდამავალი პერიოდი დასრულდება. ამ პერიოდისთვის მიღწეული უწყვეტობის შეთანხმებები 11%-იანი სავაჭრო წილიდან 8%-ზე მეტია. მათგან ერთ-ერთი საქართველოა. კერძოდ, გასული წლის ოქტომბერში ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ ხელი მოეწერა ვაჭრობის გაგრძელებასა და სტრატეგიულ პარტნიორობას, რაც გულისხმობს ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის და გარდამავალი პერიოდის დასრულების შემდეგ, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო და პოლიტიკური ურთიერთობის გაგრძელებას და ამ უკანასკნელის კიდევ უფრო გაღრმავებას. ამდენად, გაერთიანებული სამეფოს მიერ ევროკავშირის დატოვება საქართველოსა და ბრიტანეთს შორის სავაჭრო კავშირს არ ცვლის. ხოლო, 2021 წლიდან ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობების უკეთესი პირობების მიღწევა შესაძლებელია, ვიდრე ევროკავშირთან არსებული თავისუფალი ვაჭრობის პირობებშია, რაც საქართველოდან ბრიტანეთში ექსპორტის მაჩვენებლებს უფრო მეტად გაზრდის. ამისათვის, კი საქართველო მთავრობას დამატებითი მუშაობა და გაერთიანებული სამეფოს მთავრობასთან მოლაპარაკებების გამართვა მოუწევს.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები