მიანმართან, იმავე ბირმასთან უკვე მრავალწლიანი სამუშაო და ადამიანური ურთიერთობები მაკავშირებს. მედიიდან გეცოდინებათ, რომ 2021 წლის 1 თებერვალს სამხედრო გადატრიალება მოხდა. ქვეყნის სამოქალაქო ლიდერი, ნობელის პრემიის ლაურეატი მშვიდობის დარგში, ონ სან სუჩი დააპატიმრეს. მოსახლეობის დიდი ნაწილი „სამოქალაქო დაუმორჩილებლობის მოძრაობას“ შეურთდა და ქუჩაში გამოვიდა. ამაზე ძალიან ბევრი იწერება. ვღელავ მიანმარში მიმდინარე მოვლენების გამო. მინდა, ჩემი გამოცდილებიდან ცოტა რამ მოგიყვეთ ამ ძალიან საინტერესო ქვეყნის შესახებ.
ბირმას ჯორჯ ორუელის წიგნიდან „ბირმული დღეები“ ვიცნობდი. ორუელი 5 წლის განმავლობაში (1922 -1927 წწ.) მსახურობდა იქ, როგორც ბრიტანეთის კოლონიური პოლიციის ოფიცერი. კოლონიური სამსახურის გამოცდილება და ბირმის იმჟამინდელი რეალობა ორუელის არაერთ ნაშრომში აისახა: ჩაგვრის და კონტროლის დახვეწილი, სადისტური მეთოდები და ადამიანზე მათი გავლენა. სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში მდებარე ეს საინტერესო ქვეყანა წლები მიზიდავდა იმითაც, რომ სამხედრო რეჟიმის გამო, თითქმის 60 წლის განმავლობაში გარესამყაროსგან იზოლირებული იყო და სხვა ქვეყნებისგან ძალიან განსხვავებულად, თავისებურად განვითარდა.
ორი სახელი
ტრადიციულად, ბირმას ადგილობრივები „ბამას“ უწოდებენ. აქედან მომდინარეობს ინგლისელების მიერ შერქმეული და გავრცელებული სახელი „ბირმა“. ზოგიერთი მკვლევარი ამბობს, რომ ბამა რეალურად მიანმას, ქვეყნის ერთ-ერთი ძველი სახელწოდების, ტრანსფორმირებული ფორმაა. ზოგიერთს მიაჩნია, რომ „მიანმარი“ უფრო ინკლუზიური ტერმინია, რადგან „ბირმა“ მხოლოდ ეთნიკურ უმრავლესობა „ბირმანს“ აღნიშნავს და სხვა ეთნიკური უმცირესობების დისკრიმინაციას შეიძლება გულისხმობდეს. ასეა თუ ისე, 1989 წელს, ბირმის სამხედრო მმართველებმა ქვეყნის და ქალაქების დასახელების ადგილობრივი, აუთენტური ფორმებით შეცვლა გადაწყვიტეს. მათ ეს 1948 წლიდან დაწყებული დეკოლონიზაციის პროცესის ნაწილად გამოაცხადეს. ასე იქცა, მაგალითად, ბირმა მიანმარად და რანგუნი, ყოფილი დედაქალაქი, იანგონად. თუმცა, ყოველდღიურ საუბარში და შედარებით იშვიათად საერთაშორისო ოფიციალურ დოკუმენტებში ძველი დასახელებები კვლავაც გამოიყენება. მე ამ სტატიაში ორივეს, ბირმას და მიანმარს, გამოვიყენებ ხოლმე, ისე როგორც ეს ყოველდღიური კომუნიკაციის დროს ხდება.
კვლევა
მიანმარში პირველად 2016 წელს ჩავედი კოლეგებთან ერთად ჰონგ კონგის უნივერსიტეტიდან. ერთ-ერთი მათგანი პროფესორი მარკ ბრეი მიანმარში 1990 წლებში განათლების დაგეგმვის კონსულტანტად მუშაობდა და საკმაოდ კარგი კავშირები ჰქონდა, მათ შორის, იცნობდა პირველ ლედის და განათლების სფეროში მომუშავე მაღალი თანამდებობის პირებს. ჩვენი მასპინძელი იყო იუნესკო-ს ადგილობრივი ოფისი, რომელიც შეხვედრებს გეგმავდა.
არაერთი სამუშაო შეხვედრისა და მოლაპარაკებების შედეგად, იუნესკო-მ გვთხოვა. ჩაგვეტარებინა ემპირიული კვლევა რეპეტიტორობის ფენომენზე, რომელიც ძალიან აწუხებდა განათლების სამინისტროს. თავად ონ სან სუჩიც კი (მიანმარის სამოქალაქო ლიდერი) ღიად ლაპარაკობდა რეპეტიტორობისგან გამოწვეულ პრობლემებზე. ასე დაიწყო ჩემი მრავალწლიანი კვლევითი პროექტი იანგონის სკოლებში. ჩვენ მუშაობა მოგვიწია უნივერსიტეტის თანამშრომლებთან, განათლების სექტორის წარმომადგენლებთან, სკოლის დირექტორებთან, მშობლებთან, მოსწავლეებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო სექტორში დასაქმებულ ადამიანებთან. რადგან ამ პროექტის მართვა ჩემი პასუხისმგებლობა იყო, ბირმას 2016 წლიდან მოყოლებული არაერთხელ ვესტუმრე. ამ პროექტის შედეგად ჩემი თანაავტორობით გამოქვეყნდა წიგნი ინგლისურად და ბირმულად.
იერარქია
ბირმა ძალიან იერარქიული ქვეყანაა და ეს ერთი ჩასვლითაც კარგად იგრძნობა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი კვლევა იუნესკო-ს ეგიდით მიმდინარეობდა, კვლევის ჩატარების ნებართვის მოპოვება დროში ძალიან გაიწელა. საჭირო იყო ნებართვა არა მხოლოდ სკოლის დირექტორისგან, არამედ რეგიონული განათლების ოფისიდან, ასევე განათლების სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტიდან. სისტემის ცენტრალიზების კარგი მაგალითია ის, რაც იანგონის ერთ-ერთი უნივერსიტეტის რექტორმა გვითხრა: მის უნივერსიტეტს იაპონიის ერთ-ერთ უმაღლეს სასწავლებელთან სამეცნიერო თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმის გასაფორმებლად პარლამენტის ნებართვა სჭირდებოდა.
ასევე ძალიან იერარქიული და თეატრალური იყო განათლების სამინისტროში შეხვედრები. ერთ იერარქიულ საფეხურზე მდგომი ადამიანები ერთმანეთს ელაპარაკებოდნენ, მაშინ როდესაც „დაბალი რანგის“ თანამშრომლების ნათქვამს არ აქცევდნენ ყურადღებას. ერთ-ერთ ასეთი მაღალი დონის შეხვედრაზე, კარგად მახსოვს, მასპინძელი, განათლების სფეროში დიდი ავტორიტეტის მქონე ადამიანი, ჩვენს ჯგუფში მყოფ ერთადერთ მამაკაცს ელაპარაკებოდა მხოლოდ, მისკენ იყო მუდმივად მიბრუნებული, მაშინ როცა სამი ქალი რამეს თუ ვიტყოდით, არც კი გვიმჩნევდა. ყველგან იგრძნობოდა სამხედრო მთავრობის მემკვიდრეობა. ბევრი ყოფილი სამხედრო ისევ მუშაობს განათლების სამინისტროში.
ჩაცმულობა
მიანმარში მოქალაქეების უმრავლესობას აცვია ეროვნული ტანსაცმელი. ქალებს ერთი და იმავე სტილის გრძელი კაბები, კაცებს გრძელი კაბა-შარვალი, ე.წ. „ლონგი“. „ლონგი“ არის 2 მეტრის სიგრძისა და 80 სანტიმეტრის სიგანის ნაჭრისგან ქვედა ტანზე კოჭებამდე შემოხვეული ნაჭერი. იშვიათად შეხვდებით კაცს, რომელსაც აცვია ჩვეულებრივი შარვალი. ოფიციალური პირებიც „ლონგით“ დადიან შეხვედრებზე.
ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა აღმოვაჩინე, რომ არა მხოლოდ სკოლის მოსწავლეებს, არამედ სკოლის მასწავლებლებსაც და უნივერსიტეტის ლექტორებსაც სპეციალური უნიფორმები ეცვათ. მასწავლებლებს კვირაში ერთი-ორი დღით ეძლევათ საშუალება, ჩაიცვან ის, რაც სურთ.
მიანმარში თითქმის ყველას, ქალს, კაცს, მოხუცსა თუ ბავშვს, სახეზე უსვია თეთრი ფქვილისებრი ფხვნილი „ტანაკა“, რომელიც მწვავე ტროპიკული მზის სხივებისაგან იცავს კანს. აღმოვაჩინე, რომ „ტანაკას“ არაერთი სხვა სარგებელიც მოაქვს, მათ შორის, კანის სიმკვრივისთვის და ნაოჭების საწინააღმდეგოდაც გამოიყენება.
დენი
ერთხელ იანგონში შეხვედრის დროს შუქი ჩაქრა. მოგვიანებით, დენის მოსვლის შემდეგ, ვენტილატორების გამორთვამ მოუწიათ. ძალიან ბევრ ბოდიშს იხდიდნენ, ჰონგ კონგში ალბათ არასოდეს ქრება შუქი და ეს თქვენთვის პირველი შემთხვევააო. არა-მეთქი და ჩვენი 1990 წლების შესახებ მოვუყევი. ზოგიერთმა ვერ გამიგო. ხშირად ჰგონიათ, თუ უცხოელი ხარ, უნდა იყო მდიდარი და გაჭირვება შეუძლებელია, რომ იცოდე.
„მეტეხი“
იანგონის ცენტრში, ერთი საშუალო ზომის, თანამედროვე სასტუმრო ამოვიჩემე და ძირითადად იქ ვჩერდები ხოლმე. სასტუმროს კარგი ფრანგული რესტორანი აქვს და საღამოობით იანგონის ელიტარული ახალგაზრდობა, საერთაშორისო ორგანიზაციების და საელჩოს თანამშრომლები იკრიბებიან ხოლმე. ეს მოგვიანებით აღმოვაჩინე. არცთუ იშვიათად საღამოს შუქი ქრება, წამიერად ყველა წყვეტს ლაპარაკს მანამ, სანამ სასტუმროს მძლავრი „დვიჟოკები“ აგუგუნდება. მხიარულება გრძელდება.
ერთ-ერთი ვიზიტის დროს, ამ რესტორანში დასავლეთევროპელი განათლების კონსულტანტი შემხვდა. აღმოჩნდა, რომ ადრე საქართველოშიც ყოფილა განათლების საკითხებში მრჩევლად მოწვეული, მანამდე კი აფრიკის რამდენიმე ქვეყანაში და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. გაეხარდა ჩემი დანახვა. საქართველოში ჩატარებულ რეფორმებზე და ვითარებაზე მელაპარაკა. ფაქტების უმრავლესობა არ ვიცოდი. ალბათ, ქვეყანა აერია. აღარ ჩავეძიე და მალევე დავემშვიდობე.
ზარი
მიანმარელები მეგობრული ხალხია. წლების განმავლობაში ახალი მეგობრები შევიძინე და არაერთხელ ვისარგებლე მათი სტუმართმოყვარეობით. იანგონში, მრავალსართულიან ბინებში სტუმრობისას სადარბაზოში შესასვლელად ზარი უნდა დარეკოთ. ბინის აივნებიდან თოკებია გადმოშვებული. უნდა მოძებნოთ თქვენი მეგობრის აივნიდან დაშვებული თოკი და გამოქაჩოთ. სახლში ზარი დაიწკრიალებს და მასპინძელიც გადმოიხედავს.
შვედაგონის პაგოდა
იანგონიდან ისე ვერ წამოხვალ, მთავარ ღირსშესანიშნაობას - შვედაგონის პაგოდას რომ არ ესტუმრო. შვედაგონის, იგივე ოქროს დრაკონის პაგოდა არის ერთ-ერთი ყველაზე წმინდა ადგილი მიანმარში, სადაც გადმოცემით უფლისწულ გაუტამას ნაწილები და სხვა წმინდა რელიკვიები ინახება. რადიარდ კიპლინგი თავის წიგნში ჰყვება თავის 1889 წლის ბირმაში ვიზიტზე და შვედაგონის თვალისმომჭრელ ოქროს სტუპაზე, რომელიც მზეზე თვალისმომჭრელად ბრწყინავს.
მიანმარის მოსახლეობის უმრავლესობა (დაახლოებით, 90 პროცენტი) ბუდისტია, თერავადას ტრადიციის მიმდევარი. არიან ქრისტიანები (დაახლოებით, 6 პროცენტი), რომელთა დიდი ნაწილი ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რაიონებში ცხოვრობს და მუსლიმები (დაახლოებით, 3 პროცენტი. ბოლო წლებში, საერთაშორისო მედია აქტიურად აშუქებს მუსლიმი უმცირესობის წინააღმდეგ განხორციელებულ ქმედებებს). თუმცა, ქვეყნის კულტურა და ცხოვრების წესი ბუდისტური ტრადიციით არის გამსჭვალული.
შვედაგონს 4 შესასვლელი აქვს, რომელიც ტურისტებისთვის მკაცრად კონტროლდება. ფეხსაცმელების გახდას ყველას სთხოვენ. მე და ჩემი ქმარი ისე წავედით მის მოსანახულებლად, რომ დრესკოდზე კონტროლი არც გაგვხსენებია. მე მოკრძალებულად მეცვა და თავისუფლად გავიარე დათვალიერება, მაგრამ აღმოჩნდა, რომ რეზოს შორტები მუხლს ზემოთ იყო და არ შეუშვეს. იმ ღამეს მოვფრინავდით და ძალიან გავნაწყენდით. რეზომ ინიციატივა გამოიჩინა და ბუდისტ ბერებს საუბარი გაუბა. ხუთ წუთში მოუყვა საქართველოს ისტორია, არ დავიწყებია „სიბრძნე ბალაჰვარისა“ და მედიტაციის ტექნიკაზეც დაუსვა შეკითხვები. რა გააგებინა ამ ყველაფრიდან, უცნობია, მაგრამ ფაქტია, გაჭრა. უცებ, ბუდისტი ბერი რეზოს მიუახლოვდა, ოდნავ დაიხარა, შორტზე ეძგერა და ქვემოთ დაქაჩა. შევცბით. სიტუაცია მალევე განიმუხტა. ბერმა გვანიშნა, რომ მუხლები უნდა დაეფარა და შესვლის ნება დაგვრთო. შვედაგონის ტური დაუვიწყარი აღმოჩნდა.
ბირმული დამწერლობა
უცხო თვალისთვის ბირმული დამწერლობა ქართულს ძალიან ჰგავს. ხშირად გამიგონია, ორივეს „ბევრი წრე“ აქვსო. სინამდვილეში, ამ ორ დამწერლობას ერთმანეთთან კავშირი არ აქვს. ბირმული სამხრეთ ინდურიდან იღებს სათავეს (რომელიც, თავის მხრივ, სინო-ტიბეტურიდან მომდინარეობს) და ქვაზე ამოტვიფრული დამწერლობის ყველაზე ადრეული ნიმუში ჩვ.წ.აღ. მეათე საუკუნით თარიღდება. აღსანიშნავია, რომ ბირმულ დამწერლობაშიც 33 ასოა. ამბობენ, რომ მრგვალი ფორმა მიანმარულმა ანბანმა პალმის ხის ფოთოლზე წერისგან მიიღო. გრძელი ხაზები ფოთოლს იოლად დახევდა და ასოებისთვის მრგვალი ფორმის მიცემა ერთგვარი გამოსავალი იყო.
ბირმული ანბანი
ბირმული სახელმწიფო ენაა და მეტ-ნაკლებად ყველამ იცის მიანმარში. სკოლაში სწავლებაც ამ ენაზე მიმდინარეობს, მაგრამ მის გარდა, უამრავი სხვა ადგილობრივი ენა არსებობს, რომლებზეც ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები ლაპარაკობენ. მიანმარის მთავრობა სულ 135 ეთნიკური ჯგუფის არსებობას ადასტურებს. მაგალითად, ჩემი მიანმარელი დოქტორანტი სტუდენტი ჰონგ კონგის უნივერსიტეტში 5 ადგილობრივ ენაზე ლაპარაკობს და აქედან ბირმული არცერთი არაა. ის ეთნიკურად ჩინია და ჩრდილო-აღმოსავლეთ მიანმარის ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული ადგილიდან არის. 57 მილიონიან ქვეყანაში 70 პროცენტამდე ეთნიკური ბირმელი ცხოვრობს.
მიანმარული არტი
მიანმარული სამზარეულოთი დიდად ვერ აღვფრთოვანდი. ზედმეტად ცხიმიანია ჩემთვის. რაც მართლა ძალიან საინტერესოა, ეს მიანმარული არტია. იმის გამო, რომ ქვეყანა დიდი ხნის განმავლობაში იზოლაციაში იყო, მხატვრობა გარესამოყაროსგან იზოლირებულად განვითარდა და გარეშე გავლენებისაგან თავისუფალი, თვითმყოფადი სახე მიიღო.
პანსოდანის გალერეა სავსეა ძალიან ნიჭიერი, ძველი და ახალი თაობის არტისტების ნახატებით. აქ ხშირად ადგილობრივი ინტელექტუალები იკრიბებიან. ონ სოი მინის, ჰთეინ ლინისა და სხვების შემოქმედებით მოხიბლულები, მე და ჩემი ქმარიც შევუერთდით მიანმარის არტის შეგროვებით გატაცებულ ენთუზიასტთა წრეს.
სახელგანთქმულია ონ სანის ბაზარი, სადაც მთელი აზიიდან ჩადიან ლალის, საფირონის და საიუველიერო ნაწარმის საყიდლად. ბირმა ცნობილია სხვადასხვა ძვირფასი ქვების საბადოებით. ისინი მკაცრად დაცულ ტერიტორიებზე. სევდიანია, რომ ძვირფასი ქვების საბადოებით ეს უმდიდრესი ქვეყანა სიღარიბეში ცხოვრობს.
„ევროპაშიც ასეა“
1824 წლიდან ბირმა ბრიტანეთის კოლონია გახდა და თანამედროვე განათლების სისტემის ჩამოყალიბებაც სწორედ ბრიტანეთის იმპერიას უკავშირდება. ამ დროს მოხდა ტრადიციული, სამონასტრო სკოლების გაუქმება და ბრიტანული ყაიდის სკოლების დაარსება. სამონასტრო სკოლები მოგვიანებით აღდგა და ახლა პარალელური განათლების სისტემას წარმოადგენს.
მასწავლებლის პროფესია მიანმარში სიმბოლურად ძალიან დაფასებულია. მასწავლებლებს ბუდას ადარებენ, ისინი წმინდასთან და გამორჩეულთან ასოცირდებიან. განათლების სისტემა ბუდისტური იდეალებით არის გაჯერებული. თუმცა, მასწავლებელთა სამუშაო პირობები და ხელფასი იმდენად მცირეა (საშუალო თვიური ხელფასი, დაახლოებით, 150 აშშ დოლარი), რომ მაშინვე მიხვდებით, ხშირად გაგონილი სლოგანი - „განათლება არის ჩვენი გადარჩენის ერთადერთი გზა“ - ცარიელი რიტორიკაა. მასწავლებელთა უმრავლესობა რეპეტიტორობით ირჩენს თავს, რომელიც აკრძალულია კანონით და რომლის დარღვევის შემთხვევაში სანქციები არსებობს. თუმცა, ამას არავინ უყურებს და რეპეტიტორობა „ღია საიდუმლოს“ წარმოადგენს.
2010 წლის არჩევნების შემდგომ, მიანმარში ახალი ერა დადგა. ქვეყანამ დაიწყო ლიბერალურ-დემოკრატიული რეფორმების გატარება და გარესამყაროსთან იზოლაციაც დამთავრდა. რეფორმების ტალღაში, რასაკვირველია, განათლების სისტემაც მოჰყვა. დაიწყო განათლებაში კასკადური რეფორმები, ბევრი ცვლილება ერთდროულად. არაერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ გამოჰყო საერთაშორისო დახმარება განათლების რეფორმების ხელშესაწყობად. 2015 წლის არჩევნების შემდგომ, სადაც ონ სან სუჩის პარტია „დემოკრატიის ლიგამ“ გაიმარჯვა, დახმარების მოცულობა კიდევ უფრო გაიზარდა.
ხშირად, მიანმარში საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის ნაკლები კოორდინაციაა და ერთი და იმავე მიმართულებით განხორციელებული მსგავსი პროექტებია. ამ რეფორმების შედეგად და ერთიანი ხედვის არქონის გამო, მიანმარის განათლების სისტემას წარმართავს საერთაშორისო დახმარება და არა - ადგილობრივი ინიციატივები. ადგილობრივ გადაწყვეტილების მიმღებებს რომ შეხვდებით, ისინი ლაპარაკობენ საერთაშორისო ორგანიზაციების ენით, იყენებენ ტექნიკურ ჟარგონებს, რომლებიც განათლების სექტორში მომუშავე ადამიანების უმრავლესობისთვის გაუგებარია. არაერთი პროგრამა ხორციელდება პროგრესული რეფორმების სახელით. მაგალითად, ყველგან შეხვდებით „ბავშვზე ორიენტირებულ განათლებაზე“ და „ანგარიშვალდებულებაზე“ სხაპასხუპით მოსაუბრე ბიუროკრატებს, რომლებიც „რაოდენობრივ შედეგებზე გასვლას“ ცდილობენ. პროგრამების უმრავლესობა არ ეკითხება მონაწილეებს, რანაირად გაიგეს მათ ეს რეფორმა, რა ბარიერები შეექმნათ პროცესში და რა როგორ სჯობს, რომ გაგრძელდეს. ან თუ ეკითხებიან, წინასწარ გამზადებული „სწორი პასუხებიც“ უკვე არსებობს. რეფორმები არის ზემოდან განხორციელებული ინიციატივები, რომლის შინაარსის გაცნობიერება არ ხდება. და, რა თქმა უნდა, იქაც გამოიყენება ჯადოსნური სიტყვები: „ევროპაშიც ასეა“.
დასკვნის მაგიერ
ცოტა ხნის წინ, საერთაშორისო მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უცნობია სამოქალაქო ლიდერის, ონ სან სუჩის ადგილსამყოფელი, რომელიც შინა პატიმრობიდან სამხედროებმა სადღაც გადაიყვანეს. ჩემი ბირმელი სტუდენტები და მეგობრები ძალიან ნერვიულობენ. უჭირთ კონცენტრაცია სხვა საკითხებზე. სოციალურ ქსელებში დაუსრულებლად აზიარებენ ახალ ამბებს, წერენ საინტერესო მესიჯებს და კომენტარებს. პირად საუბრებში ხშირად კითხულობენ: „სად არის დასავლეთი?“ „რატომ არაფერს აკეთებს საერთაშორისო საზოგადოება?“ მიჭირს, რამით ვანუგეშო. თავში კი სულ ერთი ფრაზა მიტრიალებს: „საქართველოშიც ასეა“.