ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით, 2013 წლიდან საქართველო ცდილობს უზრუნველყოს საყოველთაო ჯანდაცვის მოცვა, თუმცა, ამბულატორიული მედიკამენტების მაღალი ღირებულების გამო ჯიბიდან გადახდები ისევ დიდ ბარიერად რჩება ყველაზე დაბალი შემოსავლის მქონე ოჯახებისთვის.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ახალი ანგარიში საქართველოს შესახებ ხაზს უსვამს 2013 წლიდან მიღწეულ პროგრესს საჯაროდ დაფინანსებულ ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის კუთხით, რამაც ფინანსური ბარიერების შემცირების გზით მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს საშუალება მისცა ჯანდაცვის სერვისებზე ჰქონოდა წვდომა.
„თუმცა, ჯანდაცვაზე სახელმწიფო დანახარჯები, საერთაშორისო მაჩვენებელთან შედარებით, დაბალია, დაფარვის პოლიტიკა უკიდურესად რთულია და არსებობს მაღალი თანაგადახდები. გარდა ამისა, პირველადი ჯანდაცვის მეკარიბჭის ფუნქცია სუსტია და პაციენტს აქვს ჯანდაცვის სერვისების უფრო სპეციალიზებულ დონეზე წვდომის ძლიერი სტიმული.
ჯანმრთელობის დაცვის სისტემები მოქმედებაში: საქართველო“ ერთ-ერთია იმ ანგარიშთაგან, რომლის მიზანიც ევროკავშირის არაწევრი 14 ქვეყნის ჯანდაცვის სისტემების ანალიზია. ანგარიში ჯანმოს ევროპის რეგიონული ოფისისა და ჯანმრთელობის სისტემებისა და პოლიტიკის ევროპული ობსერვატორიის ერთობლივი პროდუქტია“, - ნათქვამია ჯანმო-ს ანგარიშში.
„უახლესი ანგარიში ასახავს თითოეული ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის მთავარ გამოწვევებს. ეს საშუალებას აძლევს წევრ ქვეყნებს არა მხოლოდ შეაფასონ, როგორ ვითარდება მათი ჯანდაცვის სისტემა ჯანმოს ევროპის სამუშაო პროგრამის (EPW) პრიორიტეტების ფარგლებში, არამედ მოახდინონ შედარება სხვა ქვეყნებთან ჯანმრთელობის კონკრეტულ საკითხებზე.
მტკიცებულებაზე დაფუძნებული პროგრესის მონიტორინგით, პოლიტიკის შემქმნელებს შეუძლიათ უკეთ იხელმძღვანელონ, თუ რა სახის ინვესტიციებია საჭირო და რომელ სფეროში. არსებული ძლიერი მხარეების კიდევ უფრო გასაძლიერებლად, ხარვეზებისა და გამოწვევების უკეთ გადასაჭრელად და, ამით, მხარი დაუჭირონ მოქალაქეების ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას აწმყოსა და მომავალში”, - თქვა დოქტორმა ჰანს ჰენრი პ. კლუგემ, ჯანმოს ევროპის რეგიონულმა დირექტორმა.