Covid-19-ის ვაქცინაციის ბუსტერ დოზებზე, ასევე 12-დან 15 წლის ჩათვლით ბავშვების აცრისთვის რეგისტრაცია სამედიცინო დაწესებულებებშია შესაძლებელი. ამის შესახებ წერია ბრძანებაში, რომელსაც ხელს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აწერს.
როგორც ბრძანების დანართშია აღნიშნული, Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის დამატებითი (ბუსტერ) დოზით აცრას Covid-19 დაავადების მძიმე გართულებების მაღალი რისკის ქვეშ მყოფი პირები შეძლებენ, მათ შორის:
- 50 წლის და უფროსი ასაკის პირები;
- ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებში მცხოვრებ 16 წელზე მეტი ასაკის პირები, მათ მომვლელები და დაწესებულებაში დასაქმებული პირები;
- სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლები და პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსებული ბრალდებული/მსჯავრდებული 16 წელზე მეტი ასაკის პირები (მოქალაქეობის სტატუსისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული იდენტიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის არქონის მიუხედავად);
- სამედიცინო პერსონალი;
- 16-დან 49 წლის ჩათვლით ასაკის პირები, ქრონიკული დაავადებებით-(ვაქცინაციის სურვილის შემთხვევაში ამცრელ დაწესებულებებს უნდა წარუდგინონ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა – ფორმა №IV-100/ა;)
"აღსანიშნავია, რომ "ბუსტერ" დოზით აცრა უნდა განხორციელდეს ვაქცინაციის პირველადი კურსის დასრულებიდან მინიმუმ 6 თვიანი ინტერვალით, რაცმეორე დოზის გაკეთების თარიღიდან აითვლება.
"ბუსტერ" დოზად შესაძლებელია გამოყენებული იყოს იგივე ან სხვა ვაქცინა, თუ დაშვებულია ვაქცინის მწარმოებლის მიერ", - წერია ბრძანებაში.
Covid-19 საწინააღმდეგო Pfizer-ის ვაქცინით აცრას ასევე შეძლებენ:
- 12-დან 15 წლის ასაკის ჩათვლით ქრონიკული დაავადების მქონე ბავშვები.
- 12-დან 15 წლის ასაკის ჩათვლით ბავშვები, კანონიერი წარმომადგენლის დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე, რომლებსაც მოგზაურობის, სწავლის, მკურნალობის ან სხვა მიზნით, საზღვარგარეთ წასვლისთვის ესაჭიროებათ ვაქცინაციის ჩატარება.
Covid-19 საწინააღმდეგო ინაქტივირებული ვაქცინებით ("სინოვაკი", "სინოფარმი") აცრილ პირებს დამატებით Pfizer–BioNTech ვაქცინით აცრის შესაძლებლობა მიეცემათ, შემდეგი წესით:
- ორი დოზით აცრილთა შემთხვევაში, პირებს, რომლებსაც მოგზაურობის, სწავლის, მკურნალობის, ან სხვა მიზნით, საზღვარგარეთ წასვლისთვის ესაჭიროებათ ვაქცინაციის ჩატარება, დამატებით შესაძლებელია ჩაუტარდეთ Pfizer–ის ვაქცინის ორი დოზით აცრა, ამასთან, მეორე დოზას და დამატებით პირველ დოზას შორის მინიმალური ინტერვალი შეადგენს 28 დღეს.
- აღნიშნულმა პირებმა ვაქცინაციის სურვილის შემთხვევაში ამცრელ დაწესებულებებს უნდა წარუდგინონ სამგზავრო ბილეთი/ჯავშვანი, მოწვევა ან წერილი სამსახურიდან მივლინების შესახებ, დამსაქმებლის წერილი ხშირი ბიზნეს-ვიზიტების შესახებ და სხვა. წინააღმდეგ შემთხვევაში ვაქცინაცია არ ჩატარდება.
- პირებს, რომლებსაც პირველი აცრა ჩაუტარდათ სინოფარმის ან სინოვაკის ვაქცინით, შემდგომ ორსულობის დადგომის შემთხვევაში, მეორე აცრა ჩაუტარდებათ Pfizer–ის ვაქცინით.
აღნიშნული პირების ვაქცინაცია ამ ეტაპზე წინასწარი რეგისტრაციის გარეშე, სამედიცინო დაწესებულებაში წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე მოხდება.