„ჩვენ ენერგეტიკის სექტორში რაც შეიძლება მეტი დამატებითი ინვესტიციების მოზიდვა გვჭირდება, მაქსიმალურად უნდა დავაჩქაროთ ტემპები და ავაშენოთ, რაც შეიძლება მეტი ჰესი საქართველოში“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
მისივე თქმით, უნდა აშენდეს მცირე საშუალო თუ დიდი ჰესები.
„ამის თაობაზე მე ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრებს მივეცი დავალება. ჩვენ რამდენიმე დღეში შევიმუშავებთ და მოდელს წარმოგიდგენთ. ვფიქრობ, რომ მომავალ კვირაში მექნება საშუალება, რომ ეს შეთავაზება ბიზნესს გავუკეთო, რადგან ამით ხელი შეეწყოს დარგში გენერაციის ობიექტების მშენებლობას. წლიდან წლამდე გვეზრდება ელექტროენერგიის მოთხოვნა. მოხმარება იზრდება და ამ დროს გენერაცია მოთხოვნას და მოხმარებას მნიშვნელოვნად ჩამორჩება, რაც ჩვენს ქვეყანას და ზოგადად, ენერგოუსაფრთხოებას და ენერგოდამოუკიდებლობას ძალიან დიდი რისკის ქვეშ აყენებს. ამ მიმართულებით მომავალ კვირას გვექნება პრეზენტაცია და ბიზნესს ამ შეთავაზებათა პაკეტს წარვუდგენთ “, - განუცხადა პრემიერ-მინისტრმა.