მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„დრო არ ითმენს“ - თამაზ დაუშვილი მთავრობას „მწვანე ბარათების“ ამოქმედებისკენ მოუწოდებს

6180d7055e731
ვიქტორია მღებრიშვილი
02.11.21 10:26
2034
კომპანია „დიოს“ აღმასრულებელი დირექტორი თამაზ დაუშვილი საქართველოს მთავრობას მიმართავს და „მწვანე ბარათების“ დაუყოვნებლად ამოქმედებისკენ მოუწოდებს. აღნიშნული მიმართვა ბიზნესმენმა Facebook-ის პირად გვერდზე გამოაქვეყნა.

მისი შეფასებით, ვაქცინაციის გააქტიურების პროცესში თითოეული მოქალაქის ჩართულობა და პასუხისმგებლობის გაზიარება მნიშნელოვანია, რათა მაღალი სიკვდილიანობა არ გვქონდეს.

BM.GE თამაზ დაუშვილის მოწოდებას უცვლელად გთავაზობთ:

„ევროპის მრავალ ქვეყანაში პანდემია პრაქტიკულად დასრულდა. ამის მთავარი მიზეზი გახლავთ ის, რომ მოსახლეობის 80%-ზე მეტი არის აცრილი. ამ შედეგის მიღწევა მათ შეძლეს შესაბამისი რეგულაციებით, რაც გულისხმობდა არავაქცინირებული მოსახლეობისთვის სხვადასხვა შეზღუდვის დაწესებას და პირიქით, აცრილი ანუ ე.წ. "მწვანე საშვის" მფლობელთათვის შეზღუდვების მოხსნას. ეს არის ყველაზე ეფექტიანი გზა ვაქცინაციის ზრდის და შესაბამისად პანდემიის დასრულების.

მოვუწოდებ მთავრობას სასწარაფოდ განიხილოს ეს საკითხი და უმოკლეს ვადაში არავაქცინირებული მოსახლეობისთვის შემოღებულ იქნას შემდეგი შეზღუდვები:

ვინც არ არის აცრილი ან არ გააჩნია ბოლო 48 საათის სწრაფი ტესტის უარყოფითი პასუხი, მათ შეეზღუდებათ უფლება იმგზავრონ მატარებლით, შევიდნენ დიდ სავაჭრო ცენტრებში, სასტუმროებში, რესტორნებსა და კაფეების დახურულ სივრცეებში, საკონცერტო და სპორტულ დარბაზებში, კინოსა და თეატრებში, სახელმწიფო დაწესებულებებში. ასევე ყველა კერძო დაწესებულებას მიეცემა უფლება არ დაუშვას სამუშაო ადგილზე პირი, რომელსაც არ ექნება "მწვანე საშვი" ან სწრაფი ტესტის უარყოფითი პასუხი.

მეგობრებო, ჩვენ ყველას ერთად გვაკისრია ვალდებულება ჩვენი ქვეყნის წინაშე, რომ უმოკლეს ვადაში მივიღოთ გადამჭრელი ზომები, რათა გადავარჩინოთ ჩვენი თანამოქალაქეების სიციცხლე. თუ ჩვენ არ შემოვიღებთ ზემოხსენებულ შეზღუდვებს, ვერ მივიღებთ აცრის მაღალ მაჩვენებელს, ეს კი ნიშნავს სიკვდილისთვის გავწიროთ ათასობით ჩვენი თანამოქალაქე - ჩვენი ბებიები და ბაბუები, მშობლები, დები და ძმები, შვილები, ნათესავები, მეგობრები, კოლეგები. ამას გარდა, ვერ აღდგება ეკონომიკა, არ შემოვა ინვესტიციები, სტუდენტები და მოსწავლეები ვერ დაუბრუნდებიან ნორმლაურ სასწავლო პროცესს, ვერ განახლდება მოზარდების სპორტული ცხოვრება და შეჯიბრებები, ამით კი გამოუსწორებელ ზიანს მივაყენებთ ჩვენს მომავალ თაობას.

იმედი მაქვს, დაავადებათა კონტროლის ცენტრი მაქსიმალურად იაქტიურებს, რომ დაარწმუნოს მთავრობა ზემოხსენებული შეზღუდვების შემოღების ეფექტიანობაში. დრო არ ითმენს ბატონებო, საჭიროა სწრაფი მოქმედება!“, - წერს თამაზ დაუშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები