მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EBRD: მეტროს ვაგონების ტენდერში Метровагонмаш-მა პროცედურების დაცვით გაიმარჯვა

63dbafaea7bc0
შოთა ტყეშელაშვილი
02.02.23 16:50
1839
თბილისის მერია მეტროსთვის 44 ახალ ვაგონს რუსული კომპანია Метровагонмаш-ისგან შეიძენს. კონტრაქტის ღირებულება 49 მილიონ ევროს შეადგენს და ის ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის კრედიტით ფინანსდება. კომპანია უკრაინის მიერ არის სანქცირებული, ხოლო მისი ბენეფიციარი მფლობელები - მილიარდერები ისკანდერ მახმუდოვი და ანდრეი ბოკარევი დიდი ბრიტანეთის მიერ არიან სანქცირებული.

BMG-იმ ამ შესყიდვასთან დაკავშირებით კითხვებით მიმართა საქართველოში EBRD-ის წარმომადგენლობას. ევრობანკი აღნიშნავს, რომ თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ მეტროს ვაგონების შესასყიდად ტენდერი 2021 წელს გამოაცხადა და ის EBRD-ის წესებით და პროცედურებით გაიმართა. აღნიშნულ ტენდერში გამარჯვებულად სააქციო საზოგადოება “მეტროვაგონმაში” გამოვლინდა.

EBRD-ის პრესსამსახურის მიერ მოწოდებულ პასუხში არ არის პასუხგაცემული კითხვა შეუძლია თუ არა თბილისის მერიას ფინანსური სანქციის გარეშე უარი თქვას “მეტროვაგონმაშთან” კონტრაქტის დადებაზე. ასევე არ არის პასუხგაცემული კითხვა იმ გარემოებასთან დაკავშირებით, რომ კომპანია უკრაინის მიერ არის სანქცირებული, ხოლო მისი ბენეფიციარი მესაკუთრეები დიდი ბრიტანეთის სანქციების სიაში შედიან.

“მეტროს ვაგონების შესასყიდი ტენდერი თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ 2021 წელს ჩაატარა და ის EBRD-ის შესყიდვების პროცედურებისა და წესების დაცვით გაიმართა. ტენდერში გამარჯვებულად სააქციო საზოგადოება “მეტროვაგონმაში” გამოვლინდა. ახალი სამგზავრო შემადგენლობა გააუმჯობესებს თბილისის საქალაქო ტრანსპორტის ეფექტიანობას, უსაფრთხოებასა და სანდოობას და მომხმარებლებს კომფორტულ და ეკოლოგიურად მდგრად საქალაქო ტრანსპორტით უზრუნველყოფს,”- ნათქვამია EBRD-ის პასუხში.

გასაფორმებელი კონტრაქტის შესახებ დღეს განმარტება გააკეთა თბილისის მერმა კახა კალაძემ. მისი თქმით, თბილისის მერიის სურვილი არ ყოფილა ამ კომპანიასთან კონტრაქტის გაფორმება და რომ ისინი “იძულებული გახდნენ” ეს ხელშეკრულება დაედოთ. კალაძის თქმით, მერიის და EBRD-ის თანამშრომლები ამ საკითხზე არაერთი თვის განმავლობაში მუშაობდნენ.

კახა კალაძე აცხადებს, რომ თუკი ამ მომწოდებელთან არ დაიდებოდა კონტრაქტი, მაშინ თბილისის მერიას ფინანსური სანქციები შეიძლება დაკისრებოდა. ამასთან, იმ შემთხვევაში თუკი Метровагонмаш-ი დასავლეთის მიერ სანქცირებულ პირთა სიაში აღმოჩნდება, მაშინ დედაქალაქის მთავრობა ფინანსური ზარალისგან სრულად დაზღვეული იქნება. კალაძის თქმით, მისთვის მთავარი საქართველოს ინტერესების დაცვაა.

“ჩემთვის მთავარია ჩემი ქვეყანა და ჩემი ქვეყნის ინტერესები. ეს ტენდერი 2020 თუ 2021 წელს გამოცხადდა და 2021 წლის ნოემბერში გამოვლინდა აღნიშნული კომპანია, როგორც გამარჯვებული. ტენდერს არ ატარებდა დედაქალაქის მერია, მას ატარებდა ევროპული საფინანსო ორგანიზაცია EBRD და მათი სატენდერო წესებით ხდებოდა ეს ყველაფერი. გამოვლინდა ის კონკრეტული გამარჯვებული. ამის შემდეგ მოხდა ის უბედურება, რაც თებერვალში დაიწყო და მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ, EBRD-თან ერთად ვმუშაობდით იმაზე, როგორ მოგვეხერხებინა და შეგვეწყვიტა აღნიშნული ხელშეკრულება, ანუ გამარჯვებულ კომპანიასთან არ გაგვეფორმებინა ხელშეკრულება. ვერანაირი რესურსი ვერ გამოინახა იმისთვის, რომ ჩვენ ან დაჯარიმების გარეშე გამოვსულიყავით აღნიშნული სიტუაციიდან, ან ფინანსური სანქციები არ შეგვქმნოდა. ჩვენ EBRD-თან ერთად, მათ ექსპერტებთან ერთად ჩვენი თანამშრომლების თანამონაწილეობით, ყველანაირი ფინანსური რისკი ავარიდეთ სახელმწიფოს, დედაქალაქს.

თუკი ისინი მოხვდებიან შემდგომში ფინანსურ სანქციებში, აქაც ჩვენ ყველანაირად ვართ დაზღვეული, საქართველოს არანაირი ხარჯი და ჯარიმა არ ექნება ამ მიმართულებით.

ჩვენი სურვილი არ ყოფილა, იძულებული გავხდით,”- განაცხადა თბილისის მერმა.

უფრო ვრცლად, კომპანია “მეტროვაგონმაშის” შესახებ წაიკითხეთ ბმულზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები