მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონზე დაწყებულია სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი, რაც გულისხმობს ნაგავსაყრელზე ნაჟური წყლების (ლიჩეტის) გამწმენდი სისტემის მოწყობას, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნული პროექტი საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის „თბილისის მყარი ნარჩენების პროექტთან“ დაკავშირებით გაფორმებული სასესხო შეთანხმების ფარგლებში ხორციელდება.
კერძოდ, როგორც BM.GE-ს მერიაში უთხრეს, პროექტის ღირებულება 6.5 მლნ ევროა და მასზე შპს "გუმბათი" მუშაობს.
„პოლიგონზე არსებული დღევანდელი მდგომარეობა ვერანაირ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს. გვსურს მისი სრულად მოდერნიზება. როგორც განვითარებულ ქვეყნებში იმართება ნარჩენების პოლიგონი, ისეთი პროექტი უნდა განხორციელდეს. ამაში გვეხმარებიან საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები, უცხოელი სპეციალისტები, რადგან საქართველოში მსგავსი გამოცდილება არ გვაქვს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, პროექტისთვის სამშენებლო კომპანია შეირჩა EBRD-ის ელექტრონული შესყიდვების პორტალზე ჩატარებული ტენდერის ფარგლებში, ბანკის შესყიდვების პოლიტიკისა და წესების შესაბამისად.
„კონკრეტულ კომპანიას დაწყებული აქვს სამუშაოები. პროექტი დამთავრებული და გაშვებული იქნება 2027 წლის სექტემბერში. პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების განსახორციელებლად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს“ მიერ სამშენებლო ნებართვა გაცემულია მიმდინარე წლის სექტემბერში. პარალელურად ვმუშაობთ, რა უნდა იყოს შემდეგი ნაბიჯები, რომ სრულად მოწესრიგდეს პოლიგონი, იქ მცხოვრებ ადამიანებს კი არანაირი პრობლემა არ შეექმნათ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
























