ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოში ექიმების ანაზღაურება არ არის “სიმეტრიული” და ზოგიერთი ექიმის თვიური შემოსავალი 300 ლარს შეადგენს, ზოგიერთის კი 120 000 ლარია. ამის შესახებ ტიკარაძემ პარლამენტში განაცხადა, სადაც ამ წუთებში დეპუტატებს „მინისტრის საათის“ ფორმატში მიმართავს.
მისი თქმით, ეს მიდგომა არის უსამართლო. როგორც ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, ანაზღაურება არ ეფუძნება მხოლოდ კვალიფიკაციასა და პროფესიონალიზმს, რასაც ყურადღება უნდა მიექცეს.
„ვთვლი, რომ ექიმების ხელფასი უნდა იყოს გაცხადებული, რადგან ალბათ ამის ვალდებულებაც გამაჩნია. ჩვენი ექიმების
ანაზღაურება არის რადიკალურად ასიმეტრიული და თანხები, რომლესაც დავასახელებ არ შემეშლება. ზოგიერთ ექიმს ანაზღაურება თვეში აქვს 300 ლარი და ზოგიერთ ექიმს 120 ათასი ლარი. თქვენც დამემოწმებით, რომ ეს არის უსამართლო, ეს არ არის მხოლოდ ექიმის კვალიფიკაციასა და პროფესიონალიზმზე დაყრდნობილი.
ვთვლი, რომ ეს გარემო არის ყურადღებამისაქცევი და შესაბამისი ღონისძიებები არის გასატარებელი, რათა 300-ლარიან ექიმსაც აქვს უფლება ხალათი, რომელიც აცვია, ღირსეულად ეცვას, იყოს ისევე დაფასებული, როგორც ის ექიმი, რომელიც მიიჩნევს, რომ საქართველოს პირობებში სრულიად სამართლიანად აქვს თვეში 120 ათასლარიანი შემოსავალი“, – განაცხადა ტიკარაძემ.