მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეკლესიების გარშემო 20 ჰა-მდე ტყის საპატრიარქოსთვის გადაცემა დასაშვები ხდება - კანონპროექტი

5e46b356f07b2
შოთა ტყეშელაშვილი
14.02.20 19:00
2425
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტის მიხედვით, საქართველოში ეკლესიების გარშემო არსებული ტყის ნაკვეთების საპატრიარქოსთვის გადაცემა უნდა მოხდეს. საუბარია ეკლესიების გარშემო 20 ჰექტარამდე ფართობის ტყის ნაკვეთების საპატრიარქოსთვის დარეგისტრირებაზე. 

კანონის განმარტებითი ბარათის მიხედვით, ცლილებები "მომლოცველებისათვის მშვიდი გარემო პირობების შექმნას" ითვალისწინებს.

"სახელმწიფო ქონების შესახებ" პროექტის განმარტებით ბარათში წერია: 

"კანონით განისაზღვრა საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისათვის (საქართველოს საპატრიარქო) ტყის ფართობების გადაცემის საკითხი. აღნიშნული მოიცავს საქართველოს ტყის კოდექსით განსაზღვრულ მიჩენილ ტერიტორიებს (დღეს არსებული რეგულაციით, ეკლესიისთვის სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენის მიზანია მოქმედი საეკლესიო და სამონასტრო კომპლექსების მიმდებარედ ბუნებრივ საზღვრებში 20 ჰექტრამდე ფართობზე თვითმყოფადი ბუნების შენარჩუნება და მომლოცველებისათვის მშვიდი გარემო პირობების შექმნა) და ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული მართლმადიდებლური ეკლესია-მონასტრების მიმდებარე ტყის ფართობებს, არაუმეტეს 20 ჰა თითოეულის შემთხვევაში. ამასთან, გადასაცემი ფართობი უნდა განისაზღვროს იმგვარად, რომ გამოყოფამ არ გამოიწვიოს არსებული სატყეო ლიტერების საზღვრების დარღვევა. ეს ჩანაწერი ხელს შეუწყობს გადაწყვეტილების მიღების გამარტივებას, რადგან გადასაცემი ფართობი იქნება დაზუსტებული წინასწარ, კანონის საფუძველზე. სახელმწიფო ტყის ნაწილი, რომლითაც საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია სარგებლობს მიჩენის მიზნით, შესაძლებელია, საკუთრებაში გადაეცეს მას,"- ნათქვამია დოკუმენტში. 

საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი უკვე დაუჭირა. იმ შემთხვევაში, თუ ის დეპუტატების მხარდაჭერას მესამე მოსმენაზეც მიიღებს, ძალაში გამოქვეყნებისთანავე შევა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები