მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეს არის რუსული კანონპროექტი - კელი დეგნანი "უცხოური გავლენის აგენტების" კანონპროექტზე

63f88f931328c
შოთა ტყეშელაშვილი
24.02.23 14:28
1807
“ეს არის რუსული კანონპროექტი. ეს არის სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზებისკენ, მათი გაჩუმებისკენ, აზრთა სხვადასხვაობის ჩახრჩობისკენ მიმართული ინიციატივა,”- განაცხადა საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა.

ელჩის განცხადებით, “ქართული ოცნებისა” და “ხალხის ძალის” მიერ მხარდაჭერილი კანონპროექტი სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზებისკენ არის მიმართული. ამასთან, დეგნანი გამოეხმაურა მმართველი პარტიის წარმომადგენელთა შეფასებას, რომ ეს ინიციატივა ამერიკულ კანონთან არის დაკავშირებული. დიპლომატის განცხადებით, ამერიკაში მოქმედი კანონი უცხოელ აგენტთა რეგისტრაციის თაობაზე არის კონკრეტულად ლობისტური საქმიანობის რეგულირებისთვის შექმნილი და არა სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზებისთვის.

“რაც შეეხება უცხოელი აგენტების შესახებ კანონპროექტს. რა თქმა უნდა არსებობს დიდი შეშფოთება ამასთან დაკავშირებით. მოდით ვიყოთ ძალიან მკაფიოები, თუ რას ეხება ეს კანონპროექტი - ეს არ არის გამჭვირვალობა, რადგან ისედაც გამჭვირვალეა ის საქმე თუ რას აკეთებს USAID-ი და სხვა დონორები, რომლებიც მრავალი წელია საქართველოს ეხმარებიან. ყოველ სამ თვეში ერთხელ ჩვენ წარვუდგენთ დეტალურ ანგარიშს. დოკუმენტების მთელ ნაკრებს იმის შესახებ, თუ როგორ იხარჯება ჩვენი მხარდაჭერა. ყველა ჩვენ მიერ მხარდაჭერილი ორგანიზაცია შემოსავლების სამსახურს წარუდგენს შესაბამის ანგარიშებს. შესაბამისად, არსებობს საკმაოდ დიდი ინფორმაცია ამ დახმარებების განკარგვის შესახებ, თუკი ვინმეს აინტერესებს, რომ ამას მართლა შეხედოს და წაიკითხოს.

ეს კანონი არ უკავშირდება აშშ-ში მოქმედ კანონს. ამერიკული კანონი არის თარგეთირებული ლობისტურ საქმიანობაზე. ლობისტებზე, რომლებიც დაქირავებული არიან უცხო ქვეყნის მთავრობების მიერ და ისინი წარმოადგენენ მათ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტერესებს ამერიკაში. ამას არ ეხება ეს კანონპროექტი[ქართული]. ეს კანონპროექტი არის რუსული კანონპროექტი. ეს არის სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზებისკენ, მათი გაჩუმებისკენ, აზრთა სხვადასხვაობის ჩახრჩობისკენ მიმართული. ეს კანონი შეაჩერებს იმ ქართველებს, რომლებიც ეხმარებიან მათ საზოგადოებებს, ეს კანონი შეაჩერებს მათ ვინც მაგალითად შშმ პირებს ეხმარებიან და აწვდიან იმ მხარდაჭერას, რომელსაც მათ მთავრობა ვერ უწევს. ეს კანონი შეაჩერებს სამედიცინო კვლევებს, რომელიც საერთაშორისო დონორების მიერ არის თანადაფინანსებული ქართულ უნივერსიტეტებში, ეს კანონი შეაფერხებს ბიზნესასოციაციებს, ფერმერთა ასოციაციებს, შეაფერხებს იმ NGO-ებს, რომლებიც კლიმატისა და გარემოსდაცვის საკითხებზე მუშაობენ და სია გრძელდება.

კითხვა უნდა იყოს, საქართველოს სჭირდება თუ არა ეს კანონი? მაშინ, როდესაც უკვე არსებობს საკმარისი გამჭვირვალობა, როდესაც არსებობს მჭიდრო თანამშრომლობა დონორებსა და იმ ორგანიზაციებს შორის, რომლებიც ეხმარებიან ქართული საზოგადოების გაძლიერებას,"- განაცხადა კელი დეგნანმა. 

შეგახსენებთ, “ქართული ოცნებისგან” გამოყოფილმა ჯგუფმა “ხალხის ძალამ” პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი დააინიცირა. კანონპროექტით შემოდის უცხოური გავლენის აგენტის ცნება. კერძოდ, ის უცხოური გავლენის აგენტებად ისეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და მედიასაშუალებების რეგისტრაციას ითვალისწინებს, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული.

საკითხის შესახებ უფრო ვრცლად წაიკითხეთ აქ

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები