მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ფასდაკლებები გვაქვს“ - რითეილ ასოციაციაში ადასტურებენ, რომ სურსათზე ფასები შემცირდა

6410386fc00e9
ვიქტორია მღებრიშვილი
14.03.23 13:17
808
საქართველოს ვიცე-პრემიერისა და ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ქვეყანაში სურსათის ფასების კლების ტენდენცია აქციების სახით ფიქსირდება. აღნიშნული განცხადება ლევან დავითაშვილმა 13 მარტს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მინისტრმა ასევე თქვა, რომ ხელისუფლების ამოცანა ბიზნესის შეზღუდვა და რაიმე ტიპის ვალდებულებების დაკისრება არ არის. „ჩვენთვის მნიშვნელოვანია სამართლიანი, კონკურენტული და ეფექტიანი გარემო შეიქმნას", - განაცხადა დავითაშვილმა.

BM.GE-მ გადაწყვიტა გაერკვია რამდენით და რომელ პროდუქტებზე შემცირდა ფასი და ამის გასარკვევად რითეილ ასოციაციის აღმასრულებელ თავმჯდომარეს სოფიო ქაშაკაშვილს მიმართა. დარგობრივი ასოციაციის ხელმძღვანელი სხვადასხვა ქსელურ მარკეტში პირველადი მოხმარების პროდუქტზე ფასების შემცირებას ადასტურებს და ამბობს, რომ სხვადასხვა პროდუქტზე, სხვადასხვა ქსელში განსხვავებული ფასები მოქმედებს, შესაბამისად, იმის თქმა, რამდენი პროცენტით გაიაფდა სურსათი, რთულია.

„შეხვედრებზე ითქვა, რომ პროდუქტზე ფასის შემცირება დისტრიბუტორებისა და რიტეილ სექტორის წარმომადგენლების ორმხრივი ნაბიჯების გადადგმით უნდა მომხდარიყო, თუმცა სადისტრიბუციო კომპანიების მხრიდან ჯერჯერობით ნაბიჯები არ იდგმება.

ჩვენი მხრიდან რისი საშუალებაც გვაქვს, ცალმხრივად - კეთდება. დავიწყეთ აქციები და ფასდაკლებები გვაქვს, თუმცა ეს ძალიან მინიმალურია და მომხმარებელი ამას ვერ იგრძნობს, თუ დისტრიბუტორებიც არ გადადგამენ ნაბიჯებს.

ის ქსელური მარკეტები, რომლებიც უფრო მეტად პირველადი მოხმარების პროდუქტს ყიდის და პრემიუმ სეგმენტში არ გადის, სურსათზე აქციები თითქმის ყველა კომპანიამ გამოაცხადა. რამდენით შემცირდა ფასები, ამის განსაზღვრა რთულია, რადგან მარკეტები ინდივიდუალურად ახერხებენ ფასების შემცირებას რიგ შემთხვევაში მარკეტინგული ხარჯების შემცირებით, ზოგჯერ მარჟის მოკლების ხარჯზე და ა.შ.“, - განმარტა სოფიო ქაშაკაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები