მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ekalata.gov.ge-ს 2500-დან 4000-მდე ყოველდღიური უნიკალური მომხმარებელი ჰყავს - ირაკლი ლექვინაძე

ირაკლი ლექვინაძე

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე ამბობს, რომ საინფორმაციო პორტალ www.ekalata.gov.ge-ს 2500-დან 4000-მდე ყოველდღიური უნიკალური მომხმარებელი ჰყავს. მან ამის შესახებ ჟურნალისტებთან BMG-ს კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

BMG დაინტერესდა როგორია შედეგები და რამდენად აქტიურად იყენებენ პორტალს მოქალაქეები. ირაკლი ლექვინაძემ აღნიშნა, რომ ekalata.gov.ge მომხმარებლებს დანაზოგის გაკეთებაში ეხმარება. მისი მოლოდინით, დაგეგმილი სიახლეების და პრეზენტაციების შედეგად, პორტალის მომხმარებელთა რაოდენობა გაიზრდება.

"როგორც მოგეხსენებათ, აღნიშნული პორტალის შექმნა ციფრულ სივრცეში იმ პროგრამის დემონსტრირებაა, რომელიც ფასების კომისიის მოკლევადიანი რეკომენდაციის შედეგად მარკეტების ქსელებმა დაიწყეს და ეს რეკომენდაცია მომხმარებლისთვის საბაზისო სასურსათო და არასასურსათო პროდუქტებზე საუკეთესო შეთავაზებების ფორმირებას გულისხმობს. პორტალი ამის ძალიან კარგი ილუსტრაციაა და მოქალაქეებს, მომხმარებლებს ეს საკუთარი შესყიდვების დაგეგმვის შესახებ წინასწარ ინფორმაციას აძლევს.

რაც შეეხება პრაქტიკულობას, ვთვლი, რომ მომხმარებლისთვის დანაზოგის შექმნაა მნიშვნელოვანი და პორტალი ამ ფუნქციას ასრულებს. პორტალზე თქვენ ნახავთ ასევე დანაზოგის მაჩვენებელსაც, რაც გამოხატავს პორტალზე განთავსებულ თითოეულ ერთეულ პროდუქციაზე ფასდაკლებული თანხების ჯამს. თუ ამას გავამრავლებთ იმ გაყიდვების მოცულობაზე, უკვე რამდენიმე ათეულ მილიონ ლარზეა ლაპარაკი. ჩვენ წლის ბოლოს აუცილებლად გამოვითხოვთ ინფორმაციას გაყიდვების მოცულობების შესახებ და დანაზოგის მნიშვნელობას ჯამურად შევხედავთ.

გარდა ამისა, კონკრეტული პროდუქტების მიხედვით თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ლიდერები, თუ ვისთან არის საუკეთესო ფასი კონკრეტულ პერიოდში და კონკრეტულ სიტუაციაში. გარდა ამისა, პორტალს გააჩნია ფასების მონიტორინგის ფუნქცია, რაც ჩვენი უწყებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. რასაც ჩვენ უბრალოდ კომპანიებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ვადევნებდით თვალყურს, ონლაინ რეჟიმში, თვის ჭრილში შესაძლებელია 13 საბაზისო სასურსათო და ასევე 10 არასასურსათო პროდუქციაზე ფასების ცვლილების დინამიკის ნახვა, რაც ჩვენი უწყებისთვის მნიშვნელოვანია და FMCG სფეროს მონიტორინგის უფრო ეფექტურად განხორციელების საშუალებას გვაძლევს.

რაც შეეხება თვითონ მომხმარებლების რაოდენობას, შეიძლება ითქვას, რომ ამ ეტაპზე ჩვენ გვაქვს ყოველდღიური უნიკალური მომხმარებლების რაოდენობა დაახლოებით 2,500-დან 4,000-მდე და მერყეობს ეს ციფრი. მას შემდეგ, რაც პორტალი სრულფასოვნად დაიტვირთება ყველა ფუნქციონალით, გაეშვება აპლიკაციები, ამის შემდგომ ჩვენ ვგეგმავთ ასევე ფართო პრეზენტირებას მომხმარებელთა სხვადასხვა ჯგუფებისთვის, რომ მისი გამოყენება იყოს პრაქტიკული და, რა თქმა უნდა, მომხმარებელთა რაოდენობა იყოს უფრო მეტი, ვიდრე დღეს. ჩვენ ვცდილობთ და გავაკეთებთ აუცილებლად, რომ ყველა მომხმარებელს აუხსნათ, რომ ეს არის ძალიან პრაქტიკული ინსტრუმენტი იმისთვის, რომ თითოეულმა მოქალაქემ უფრო მეტი დანაზოგის ფორმირება შეძლოს კონკრეტული პროდუქტების შესყიდვით. მე ერთ კონკრეტულ ციფრს ვიტყვი: პორტალი გაეშვა ივლისის თვეში. ივლისის თვეში 13 საბაზისო სასურსათო პროდუქტზე ჯამური ფასი იყო დაახლოებით 43 ლარი. მინიმალური ფასი დღემდე, რაც დაფიქსირდა, იყო აგვისტოს თვეში და მან შეადგინა 35 ლარი. დღეს სადღაც 37 ლარის ფარგლებშია. ეს დინამიკა ცოცხალია, ეს კარგად ილუსტრირებს ქსელებს შორის კონკურენციაზე, ასევე იმ დანაზოგის რიცხვზე, რომელიც ამ პორტალის საშუალებით შეუძლიათ მოქალაქეებს გააკეთონ", - ამბობს ირაკლი ლექვინაძე.

BMG ასევე დაინტერესდა, როგორია სააგენტოს მოსაზრება „სურსათის მიწოდების ჯაჭვში, არაკეთილსინდისიერი სავაჭრო პრაქტიკის აკრძალვის შესახებ“ კანონპროექტზე. ლექვინაძის თქმით, მიღების შემთხვევაში, სააგენტო მზადაა მისი ეფექტური აღსრულება უზრუნველყოს.

"სამთავრობო და საპარლამენტო კომისიების მუშაობამ, რომელიც სასურსათო პროდუქციაზე ფასების შესწავლის კუთხით იყო ფორმირებული, ნათლად აჩვენა ქსელებში არსებული მდგომარეობა და კონკურენციის ხარისხი, მიმწოდებლებს შორის, მწარმოებლებს შორის არსებული ურთიერთობები. საბოლოო ჯამში. რა თქმა უნდა, თუ მთავრობა და პარლამენტი ჩათვლის, რომ კანონპროექტის მიღება მნიშვნელოვანია და ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს ადგილობრივი ფერმერებისთვის, მცირე მეწარმეებისთვის, სტარტაპერებისთვის, რომლებმაც სულ ახლახან დაიწყეს ამ თუ იმ პროდუქტის წარმოება და შეიძლება შეზღუდული ჰქონდეთ რესურსი, რომ კონკურენციაში შევიდნენ მსხვილ მიმწოდებლებთან, ამ კუთხით შეიძლება ძალიან ბევრი პოზიტივი დავინახოთ ამ კანონმდებლობის მიღებაში.

მე შემიძლია ერთი რამე გითხრათ, თუ კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს დაევალება აღნიშნული კანონპროექტის მიღების შემდეგ აღსრულების პროცესის წარმოება, ჩვენ ამისთვის მზად ვართ და ჩვენ არაერთი კვლევა და რეკომენდაცია გვაქვს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩამოყალიბებული",- ამბობს ლექვინაძე.

ekalata.gov.ge-ს სუპერმარკეტების ორი ქსელი და გეოლოკაციის ფუნქციონალი დაემატა

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები