პორტალ eKalata.gov.ge-ს, რომელიც პარლამენტის "ფასების კომისიის" დასკვნის საფუძველზე ივნისში შეიქმნა, უახლოეს დღეებში Android-ისა და iOS-ის მობილური აპლიკაციები დაემატება - ამის შესახებ კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (GCCA) თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ პარლამენტში განაცხადა.
მისი თქმით, პორტალს დღეიდან დაემატა გეოგრაფიული ფუნქციონალი, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, ვირტუალური კალათის შედგენის შემდეგ რუკაზე უახლოესი მარკეტი მარტივად იპოვოს.
როგორც ლექვინაძემ აღნიშნა, პლატფორმის გაშვების პირველ დღეებში უნიკალური ვიზიტორების რაოდენობა 15 000-დან 20 000-მდე მერყეობდა, ამჟამად კი დღიურად 2 500-დან 3 500-მდეა დასტაბილურებული, რაც სააგენტოს შეფასებით ჯერჯერობით დაბალი მაჩვენებელია.
ყველა ტექნიკური ხელსაწყოს ამოქმედების შემდეგ სააგენტო ცნობიერების ასამაღლებლად ფართომასშტაბიან საინფორმაციო კამპანიას გეგმავს.
"ეს არის პრაქტიკული ინსტრუმენტი მოქალაქეებისთვის, რათა შეადარონ ფასები და დაზოგონ თანხა. პორტალს აქვს ფუნქცია, დაითვალოს კონკრეტული პროდუქტის შეძენით მიღებული თვიური დანაზოგი. გაყიდული პროდუქციის მთლიან მოცულობაზე გადაანგარიშებით, წლიურად ეს მოქალაქეებისთვის რამდენიმე ათეული მილიონი ლარის დანაზოგია", - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.
მისივე ინფორმაციით, დღეისათვის Ekalata.ge-ზე სავაჭრო ქსელების 500-მდე შეთავაზებაა განთავსებული, რაც კომპანიებს შორის კონკურენციას მკვეთრად ზრდის.
"ჩვენ ონლაინ რეჟიმში ვადევნებთ თვალს ფასების დინამიკასა და ქსელებს შორის კონკურენციას. ლიდერი კომპანიები ხშირად ენაცვლებიან ერთმანეთს. მაგალითად, 13 კონკრეტული პროდუქტისგან შემდგარი კალათის ღირებულება, რომელიც პლატფორმის გაშვებისას 45 ლარი იყო, დღეს 37 ლარამდეა შემცირებული, რაც ადასტურებს, რომ ბაზარზე ფასების მხრივ რეალური კონკურენცია არსებობს", - აღნიშნა GCCA-ის ხელმძღვანელმა.
შეგახსენებთ, რომ 24 ივნისს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ინიციატივის ფარგლებში, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ საოჯახო კალათა პროგრამის მონიტორინგისთვის ერთიანი საინფორმაციო პლატფორმა, ekalata.gov.ge წარადგინა.
ელექტრონული კალათა მომხმარებლებს სხვადასხვა ქსელში საბაზისო პროდუქტებზე არსებულ საუკეთესო შეთავაზებებსა და ფასებს ერთ სივრცეში აცნობს.
მანამდე, რამდენიმე თვის განმავლობაში პარლამენტის სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელმა დროებითმა კომისიამ FMCG-ი სექტორი შეისწავლა და შესაბამისი დასკვნა მოამზადა.
























