საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო მზად არის, „სამართლიანი ვაჭრობის“ შესახებ კანონმდებლობის აღსრულებაში ჩაერთოს, თუკი შესაბამისი გადაწყვეტილება იქნება მიღებული. ამის შესახებ GCCA-ის თავმჯდომარემ ირაკლი ლექვინაძემ BM.GE-სთან კომენტირებისას განაცხადა.
მისი თქმით, კანონპროექტის ინიციატორი სააგენტო არ არის და საკითხის განხილვა პარლამენტსა და შესაბამის სამინისტროებში უნდა გაგრძელდეს.
"განხილვის პროცესი, ალბათ, პარლამენტში იქნება. პარლამენტი და შესაბამისი სამინისტროები უზრუნველყოფენ ამ კანონპროექტის ინიცირებას და განხილვას. ჩვენი უწყება აღნიშნული კანონპროექტის ინიციატორი არ არის, თუმცა თუ იქნება გადაწყვეტილება, რომ შესაბამისი აღსრულება დაევალოს ჩვენს უწყებას, ჩვენ, ბუნებრივია, ამისთვის მზაობას გამოვთქვამთ", - განაცხადა ლექვინაძემ.
მისივე ინფორმაციით, პარლამენტის სპეციალური კომისიის მუშაობის ფარგლებში მწარმოებლებს, მიმწოდებლებს, იმპორტიორებსა და სავაჭრო ქსელებს შორის არსებული არაერთი საკითხი გამოიკვეთა. ლექვინაძის განცხადებით, კომისიამ პრობლემების დასაბალანსებლად მოკლევადიანი, საშუალოვადიანი და გრძელვადიანი მიდგომები განსაზღვრა.
"საჭიროა თუ არა აღნიშნული ტიპის კანონმდებლობა, ამასთან დაკავშირებით საპარლამენტო კომისიის განხილვებმა ძალიან ბევრი საკითხი გამოავლინა, რომელიც მწარმოებლებს, მიმწოდებლებს, იმპორტიორებსა და ქსელებს შორის არსებობს. როგორც ჩემთვის არის ცნობილი, პარლამენტის შესაბამისი კომისიის მიერ ფორმირებულია მოკლევადიანი, საშუალოვადიანი და გრძელვადიანი მიდგომები და ნაბიჯები ამ საკითხის დაბალანსებისთვის. საშუალოვადიანი მიდგომების ერთ-ერთი ნაწილი სწორედ აღნიშნულ კანონმდებლობაზე მსჯელობის დაწყებაა", - აღნიშნა მან.
ლექვინაძის განცხადებით, მსგავსი რეგულირების პრაქტიკა ევროპის არაერთ ქვეყანაში არსებობს. ამასთან, მისი თქმით, GCCA ამ ეტაპზე კანონპროექტის შემუშავების პროცესში არ მონაწილეობს, თუმცა მზად არის, განხილვებში ჩაერთოს.
„ეს პრაქტიკა ევროპის ძალიან ბევრ ქვეყანაში არსებობს, ამიტომ, ალბათ, იქნება შესაბამისი განხილვები. ჩვენ მზად ვართ, რომ ჩავერთოთ განხილვების პროცესში და თუ განხილვების შედეგად იქნება გადაწყვეტილება, რომ ჩვენმა უწყებამ აღასრულოს აღნიშნული კანონმდებლობა, ბუნებრივია, ამისთვის მზადყოფნას გამოვთქვამთ“, - განაცხადა GCCA-ის თავმჯდომარემ და დასძინა, რომ უწყებას შემოდგომის პერიოდში აღნიშნულ განხილვებში მონაწილეობა არ ჯერჯერობით არ მიუღია.
ცნობისთვის, საქართველოს მთავრობა მიმდინარე საშემოდგომო სესიაზე პარლამენტში კანონპროექტის სახელწოდებით „სურსათის მიწოდების ჯაჭვში, არაკეთილსინდისიერი სავაჭრო პრაქტიკის აკრძალვის შესახებ“ წარდგენას გეგმავს. არსებული განმარტებით, კანონპროექტი ძირითადად მწარმოებლებსა და სავაჭრო ქსელებს შორის ურთიერთობების დარეგულირებაზე იქნება ორიენტირებული.
საკითხი პარლამენტის საგაზაფხულო სესიაზე მოქმედმა ფასების შემსწავლელმა სპეციალურმა კომისიამაც შეისწავლა. კომისიის რეკომენდაციებში საუბარია არასამართლიანი სავაჭრო პრაქტიკის შეზღუდვაზე, კომერციული ურთიერთობების სტანდარტიზაციაზე, მწარმოებლებთან და მიმწოდებლებთან წერილობითი კონტრაქტების სავალდებულოობაზე, გადახდის ვადების სტანდარტიზაციასა და არასამართლიანი ჯარიმებისა და გადასახადების შეზღუდვაზე.
























