მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მყიდველები მიმწოდებლებს ცალმხრივად და უსამართლოდ უწესებენ პირობებს" - მთავრობა სუპერმარკეტების რეგულირებაზე მუშაობას ისევ გეგმავს

სუპერმარკეტი იფნლაცია სურსათი

საქართველოს მთავრობა, კერძოდ კი გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მიმდინარე საშემოდგომო სესიაზე პარლამენტში გეგმავს წარადგინოს კანონპროექტი სახელით - "სურსათის მიწოდების ჯაჭვში, არაკეთილსინდისიერი სავაჭრო პრაქტიკის აკრძალვის შესახებ“, რომელიც წარდგენილი მოკლე აღწერის თანახმად, ძირითადად მწარმოებლებსა და სავაჭრო ქსელებს შორის ურთიერთობის დარეგულირებაზე იქნება ორიენტირებული.

BMG შეეცდება სამინისტროსთან გაარკვიოს უშუალოდ რა მიმართულებების რეგულირება არის დაგეგმილი, რადგან წარდგენილი აღწერიდან მოსალოდნელი რეგულირების ზუსტი საგანი და მასშტაბი ცხადი არაა.

"სურსათის მიწოდების ჯაჭვში არსებობს მოლაპარაკებითი ძალაუფლების არსებითი დისბალანსი. მყიდველები მიმწოდებლებს ცალმხრივად და უსამართლოდ უწესებენ პირობებს (გადანდების გადავადება, შეკვეთების დაგვიანებული გაუქმება, თაროზე განთავსების/მარკეტინგის ხარჯების დაკისრება და ა.შ), რაც საფრთხეს უქმნის სასურსათო ჯაჭვის მდგრადობას", - ნათქვამია განმარტებაში, რაც პარლამენტს წარედგინა.

შეგახსენებთ, რომ 2026 წლის საგაზაფხულო სესიაზე, პარლამენტში მუშაობდა ე.წ. ფასების შემსწავლელი სპეციალური კომისია, რომლის საქმიანობის ძირითადი მიმართულება მწარმოებლებს; იმპორტიორებს და საცალო ქსელებს შორის მიწოდების ჯაჭვების და ფასების შესწავლით იყო დაკავებული. კომისიამ საკუთარი რეკომენდაციები 2026 წლის 1 მაისს წარადგინა, სადაც აღნიშნული იყო, რომ ღირებულებათა ჯაჭვის (მწარმოებელი - იმპორტიორი/დისტრიბუტორი - საცალო ქსელი - მომხმარებელი) სხვადასხვა რგოლს შორის კომერციული ძალების მკვეთრი ასიმეტრიაა, რაც იწვევს ფინანსური და ოპერაციული ტვირთის გადაკისრებას სუსტ რგოლებზე. ასევე აღნიშნულია, რომ მწარმოებლებსა და დისტრიბუტორებს უწევთ საცალო ქსელებისთვის სხვადასხვა კომერციული და მარკეტინგული დანახარჯების გადახდა (ქეშბექები, რეტრობონუსები, თაროზე განთავსებისა და ქსელში შესვლის გადასახადები). ეს ხარჯები მწარმოებლის დონეზე შეადგენს შემოსავლების 20%-40%-ს, ხოლო დისტრიბუტორების დონეზე 5%-10%-ს. ამ საკითხთან დაკავშირებით კი რეკომენდაციის სახით მითითებულია, რომ სასურველია არასამართლიანი სავაჭრო პრაქტიკის შეზღუდვა და კომერციული ურთიერთობების სტანდარტიზაცია. მომწოდებლებთან/მწარმოებლებთან წერილობითი კონტრაქტების სავალდებულოობა და გადახდის ვადების სტანდარტიზაცია/შემცირება. დისკრიმინაციული ფასნამატებისა და არასამართლიანი ჯარიმების/გადასახადების შეზღუდვა. სავარაუდოდ, სწორედ ამ მიმართულებით დასახელებული რეკომენდაციების კანონმდებლობაში ასახვას შეიძლება ითვალისწინებდეს ის კანონპროექტი, რომელზეც ახლა სამინისტრო მუშაობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები