მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფინანსთა მინისტრი ამბობს, რომ "ყალბი დღგ-ის საქმის" ფარგლებში, 123 მლნ-ის ქონება დააყადაღეს

5ddfe64374da1
თელარა გელანტია
28.11.19 19:23
1379
ფინანსთა მინისტრ ვანო მაჭავარიანის ინფორმაციით, ე.წ. „ყალბი დღგის საქმის“ ფარგლებში 62 პირია დაკავებული, 102 პირის მიმართ სსკ-ით საქმეა აღძრული და 11 პირი კი - ძებნაშია.

ამის შესახებ „მინისტრის საათის“ ფორმატით პარლამენტში მისულმა მინისტრმა დამოუკიდებელი დეპუტატის ლევან კობერიძის შესაბამისი კითხვის პასუხად განაცხადა დღგ-ის თაღლითობის მასშტაბური საქმის შესახებ განახლებული სტატიტიკა წარმოადგინა.

მინისტრის თქმით, „ყალბი დღგ-ის საქმის“ ფარგლებში, 123 მლნ ღირებულების ქონებაა დაყადაღებული.

„გეტყვით რაა ამოღებული, ამოღებულია მაგალითად რამდენიმე კგ ოქრო და ძვირფასეულობა, დაახლოებით, 700, 000 ლარის, ასევე, 6 მლნ 300 ათასის საწვავი ძვირფასი მანქანები და ა.შ. ჯამში, სავარაუდოდ, 123 მილიონის ღირებულების ქონებაა დაყადაღებული; მე ალბათ შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ჩვენ შევძლებთ ამ ქონების სრულად ამოღებას, რადგან ასე არ ხდება ხოლმე. სასამართლო ასე იოლად არ აკმაყოფილებს ყველა მოთხოვნას. ანუ შინაარსობრივად დარწმუნებული ხარ, რომ ნათესავზე, ახლობელზე აქვს ქონება გადაფორმებული, მაგრამ იურიდიულად ასე იოლად არ დგება შედეგი, თუმცა ამ ეტაპისთვის ჩვენ 123 მლნ ლარის ქონება დავაყადაღეთ“, - განაცხადა მინისტრმა.

ამასთან, მინისტრი ირწმუნება, რომ მისი ინფორმაციით, „ყალბი დღგ-ის საქმეში“ არც - შემოსავლების სამსახურის და არც საგამოძიებო სამსახურის მოქმედი თანამშრომლების მონაწილეობა არ გამოკვეთილა.

„ამ ეტაპისთვის ასეთი სიტუაციაა - 102 ადამიანის მიმართ აღძრულია სსკ-ით საქმე. აქედან პატიმრობაში იმყოფება 62 ადამიანი. ძალიან მცდარადაა აზრი წარმოჩენილი იმის შესახებ, რომ ბიზნესმენები არიან დაკავებულები და სად არიან სახელმწიფო მოხელეებიო... ესაა საკმაოდ მცდარი. მე მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ ძნელია ამ 62 ადამიანისთვის ბიზნესმენის დარქმევა. საკმაოდ ბევრი მათგანი არის სახელმწიფო უწყებების ყოფილი თანამშრომლები, მათ შორის შემოსავლების სამსახურის, მათ შორის საგამოძიებო სამსახურის და მეტსაც გეტყვით - მათ შორის პროკურატურის ყოფილი თანამშრომლები; ასევე არის რამდენიმე კვაზი ბიზნესმენი, რომელიც რეალურად არც არასდროს ყოფილა ბიზნესმენი და წარსულში, 10-15 წლის წინათაც სხვადასხვა თაღლითობაში მონაწილეობდნენ და ზუსტად დღგ-ის თაღლითობებზე იყვნენ ნასამართლევიც კი... მოკლედ, ამ საქმის გამო დაჭერილების ძირითად ნაწილი არანაირი ბიზნესმენი არაა; ყველა არის სხვადასხვა დროს ყოფილი ჩინოვნიკები“, - აღნიშნა მინისტრმა.