მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გარემოს ეროვნულმა სააგენტომ „ამბასადორი ბათუმი აილენდს“ კუნძულის მოწყობის პროცედურა შეუჩერა

648c0c5eb64f5
ვიქტორია მღებრიშვილი
16.06.23 11:29
9219
გარემოს ეროვნულმა სააგენტომ „ამბასადორი ბათუმი აილენდს“ ხელოვნური კუნძულის მოწყობის სამუშაოების ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული.

სააგენტოში განმარტავენ, რომ სკოპინგის დასკვნის მიღების მიზნით სააგენტოში წარდგენილი იქნა - შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ მიერ, ქ.ბათუმში, ხელოვნური კუნძულის მოწყობის სკოპინგის ანგარიში.

„გაცნობებთ, რომ 2023 წლის 15 ივნისის N 21/4603 წერილის საფუძველზე ზემოაღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის თაობაზე“, - ნათქვამია განცხადებაში.

გარემოს ეროვნულმა სააგენტომ კომპანია „ამბასადორი ბათუმი აილენდისთვის“ გაგზავნილ წერილში აღნიშნულია, რომ უწყებამ კომპანიის მიერ 2023 წლის 29 მაისის სკოპინგის განცხადება განიხილა, რომელიც ბათუმში ხელოვნური კუნძულის მოწყობას ეხება და აცნობა, რომ წარმოდგენილ დოკუმენტაციაში არ არის მოცემული და დაზუსტებას საჭიროებს დაგეგმილ საქმიანობასთან დაკავშირებული შემდეგი საკითხები:

„სკოპინგის ანგარიშის მიხედვით, დაგეგმილი საქმიანობა ითვალისწინებს ქ. ბათუმში ხელოვნური კუნძულის მოწყობას, რომლის ფართობი შეადგენს 108.5 ჰექტარს.

„გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ II დანართის მე-9 პუნქტის 9.13 ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საქმიანობასთან ერთად, დაგეგმილი ასევე, „ზღვის ფართობის ათვისება, ხელოვნური კუნძულის, ნახევარკუნძულის და ა. შ. შექმნა”, 10 ჰექტარზე მეტი განაშენიანების ფართობის მქონე ურბანული განვითარების პროექტი და საზღვაო ნავსადგურისა და მასთან დაკავშირებული შენობა-ნაგებობის მშენებლობა, რომლის საპროექტო განაშენიანების ფართობი 1 ჰექტარზე მეტია. აღნიშნულიდან გამომდინარე, დაზუსტებას საჭიროებს სკოპინგის განცხადების წარმოდგენის საფუძველი. ასევე, დაგეგმილი საქმიანობის დასახელება თანხვედრაში უნდა იყოს „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით“ გათვალისწინებულ საქმიანობებთან;

სკოპინგის ანგარიშის მიხედვით, კუნძულის მოწყობა გათვალისწინებულია შავი ზღვის აკვატორიაში 108,5 ჰა ფართობის ტერიტორიაზე, ასევე დოკუმენტში მითითებულია, რომ საპროექტო არეალის საერთო ფართობია 144,32 ჰა. აღნიშნულიდან გამომდინარე, დასაბუთებული უნდა იქნეს 144,32 ჰა ტერიტორიის ათვისების საჭიროება;

ფაილებში ასახულია მხოლოდ 144,32 ჰა ტერიტორიის პოლიგონი. სკოპინგის ანგარიშის მიხედვით, პროექტით გათვალისწინებულია ხელოვნური კუნძულის და ორი ხელოვნური ნახევარკუნძულის მოწყობა, შესაბამისად წარმოდგენილი უნდა იქნეს უშუალოდ საპროექტო კუნძულის და ნახევარკუნძულების“, - ნათქვამია სააგენტოს მიერ გაგზავნილ მიმართვაში.

სააგენტოს წერილში ასევე აღნიშნულია, რომ სკოპინგის ანგარიშის მიხედვით, ნახევარკუნძულების და კუნძულის ზღვის ტალღების ზემოქმედებისგან დასაცავად, გათვალისწინებულია 3 დამცავი მოლოს მოწყობა და აღნიშნული მოლოები ასახული უნდა იყოს დოკუმენტაციაში.

„ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააგენტო სკოპინგის დასკვნის გაცემის მიზნით, ადმინისტრაციულ წარმოებას დაიწყებს მითითებული საკითხების გათვალისწინებით, განახლებული დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდეგ“, - აცხადებენ სააგენტოში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები