დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ „დევნილთა ინიციატივების მხარდაჭერის საგრანტო პროგრამის“ ფარგლებში, განაცხადების მიღება დაიწყო.
როგორც bm.ge-ის სამინისტროდან აცნობეს, პროგრამის მიზანს იძულებით გადაადგილებული პირების სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესება წარმოადგენს. დევნილები სასოფლო-სამეურნეო და თვითდასაქმებაზე
ორიენტირებული ინიციატივების მხარდაჭერის მიზნით, გრანტებს მიიღებენ.
საგრანტო პროგრამაში მონაწილეობა 65 001-დან 100 001-მდე სოციალური ქულის მქონე დევნილებს შეუძლიათ. სააგენტო შესაბამის ტექნიკას, დანადგარებსა და ხელსაწყოებს, ჯამში, 200 იძულებით გადაადგილებულ პირს შეუსყიდის.
დევნილთა ინიციატივების მხარდაჭერის პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა საგრანტო განაცხადების მიღება 6 ივლისიდან დაიწყო და 27 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.
საგრანტო განაცხადები, თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად, სააგენტოსა და მის ტერიტორიულ სამმართველოებში
მიიღება:
• თბილისი, თამარაშვილის ქ.N15ა;
• გორი, სამების ქუჩა N1;
• რუსთავი, ცურტაველის ქ. N5ა;
• ქუთაისი, აბაშიძის გამზ. N27;
• ზუგდიდი, აღმაშენებლის ქ. N106.
განაცხადის გაგზავნა ასევე შესაძლებელია სააგენტოს ელექტრონულ ფოსტაზე - infoidp@moh.gov.ge .
პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: http://gov.ge/s/75c56