მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ღლონტების TAPLI გერმანიაში ექსპორტის გაათმაგებას გეგმავს

5e0b0c0536346
დავით ჯალაღონია
02.01.20 16:00
4202
2019 წელს ევროპაში, კერძოდ გერმანიაში, ქართული თაფლის პირველი პარტია გაიგზავნა და ეს "ღლონტების თაფლის" პროდუქცია იყო.

გურიაში, სოფელ აკეთში წარმოებულ პროდუქტს გერმანელი მომხმარებელი ბრენდის - TAPLI-ს სახელით იცნობს. გურული თაფლის პირველმა პარტიამ, დაახლოებით, ერთი ტონა შეადგინა. ღლონტების თაფლს 300-ზე მეტი ფუტკრის ოჯახი აწარმოებს.

"რამდენიმე წელი დაგვჭირდა იმისთვის, რომ გერმანულ მოდელზე გადავსულიყავით და დღეს თაფლს გერმანული მოდელით ვაწარმოებთ, აკრძალულ პრეპარატებს არ ვიყენებთ. დაახლოებით, ერთი წლის წინ გაიგზავნა ჩვენი თაფლი გერმანიაში შესამოწმებლად და ყველაზე მაღალ კატეგორიაში მოხვდა, რის შემდეგაც გატანა დავიწყეთ.

დღესდღეობით, საქართველოში ძალიან ბევრი მეფუტკრე აწარმოებს ძალიან კარგი ხარისხის თაფლს, თუმცა წინა წლებში გვქონდა პრობლემა, რომ ხშირ შემთხვევაში თაფლი იყო დაბინძურებული, მაგრამ დღეს უკვე ძალიან ბევრი ნატურალური თაფლის წარმოება ხდება. დაბინძურება იყო წინა წლებში ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ქართული თაფლი ევროკავშირის ბაზარზე ვერ გადიოდა", - განმარტავს BM.GE-სთან საუბრისას TAPLI-ს მწარმოებელი ნინო ღლონტი და დასძენს, რომ ქართულ თაფლს ევროპაში შეუძლია, მაღალი ნიშა დაიკავოს.



როგორც ნინო ღლონტი აღნიშნავს, 2020 წელს გერმანიაში მათი საფუტკრე მეურნეობა, დაახლოებით, 10 ტონა თაფლს გადატივრთავს, რადგან იმპორტიორებმა შეკვეთები უკვე დააფიქსირეს.

"მომავალ წელს გაფართოვებას და კიდევ უფრო დიდი რაოდენობით თაფლის წარმოებას ვგეგმავთ, რადგან მოთხოვნა საკმაოდ დიდია და ვფიქრობთ, ექსპორტის რაოდენობასაც გავზრდით. აზერბაიჯანთან გვაქვს მოლაპარაკება, ასევე საუდის არაბეთში გვსურს გატანა და კვლავ გერმანიაში არიან სხვა იმპორტიორები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან, რომ გავიტანოთ. 2020 წელს გერმანიაში მწვანე კვირეულში მივიღებთ მონაწილეობას, სადაც ალბათ კიდევ ვნახავთ ახალ დაინტერესებულ იმპორტიორ კომპანიებს", - აცხადებს ნინო ღლონტი.

კითხვაზე, რა მიმართულებით სჭირდება ქართულ თაფლს სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობა, ღლონტების მეურნეობის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ამბობს, რომ დღესდღეობით ყველაზე მნიშვნელოვანია ფუტკრის პროდუქტების პოპულარიზაცია, არა მხოლოდ საქართველოს შიდა ბაზარზე, არამედ საერთაშორისო ბაზრებზე.

"საქართველო არის თაფლის სამშობლო და ხშირ შემთხვევაში არ აქვთ ამის შესახებ ინფორმაცია და პოპულარიზება არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი", - მიიჩნევს ნინო ღლონტი.



საექსპორტო ბაზრებთან ერთად, ღლონტების თაფლი საქართველოში, ერთ-ერთ დიდ სუპერმარკეტში იყიდება. წელს ადგილობრივ ბაზარზე ამ მეურნეობამ დაახლოებით 5 ტონა თაფლის რეალიზაცია მოახერხა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები