რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონი არის ყველაზე ღარიბი, - ამის შესახებ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორი არჩილ ჯაფარიძე bm.ge-სთან აცხადებს.
ამასთან, მისი თქმით, ყველაზე მეტი სოციალურად დაუცველი სწორედ ამ რეგიონში ცხოვრობს, მიგრაციის მაჩვენებელი კი ყველაზე მაღალია.
"მაგრამ რაჭას გააჩნია დიდი პოტენციალი სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის განვითარების მიმართულებით. ყველაზე მნიშვნელოვანი კი არის ადამიანური რესურსი. აქ ცხოვრობს გამორჩეულად სტუმართმოყვარე მოსახლეობა და მნიშვნელოვანია ამ რესურსის გამოყენება", - აცხადებს გუბერნატორი.
მისი თქმით, ამ მდგომარეობის გამოსასწორებლად მუშაობა მიმდინარეობს, მაგალითად, მთავრობა საკმაოდ მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებს, რომელიც რაჭას ტურისტულ ცენტრად აქცევს.
"იმერეთისა და რაჭის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა დაწყებულია, ასევე - ზემო-ქვემო სვანეთის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა, რომელიც სავარაუდოდ წელს დასრულდება. ამ ორი პროექტის დასრულებისთანავე მიმზიდველი ხდება ჩვენი რეგიონი, რადგან მესტიაში ასული ვიზიტორების დიდი პროცენტი, სავარაუდოდ, ქვემო სვანეთში, ლეჩხუმში და ზემო იმერეთში მოხვდება და გაკეთდება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტურისტული მარშრუტი დასავლეთ საქართველოში, რომლის ცენტრი იქნება რაჭა, თავისი აეროპორტით”, - აცხადებს გუბენატორი.