მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ილია ბეგიაშვილი TI-ის კვლევაზე - ვერ დავეთანხმებით გამოთქმულ ეჭვებს კორუფციულ რისკებზე

5ed52a5fb4f54
BM.GE
01.06.20 20:37
1176
არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” კვლევას, რომლის თანახმადაც სოფლის მხარდაჭერის პროგრამა კორუფციული რისკის მატარებელი გამარტივებული შესყიდვის პროცედურით იხარჯება, არ ეთანხმება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი.

„ამ პროგრამის მთავარი აზრი ისაა, რომ გადაწყვეტილებას - რა გაკეთდეს გამოყოფილი თანხით, სოფლის კრებებზე, იღებს იქ მცხოვრები მოსახლეობა. პროგრამის სრული ბიუჯეტი 40 მილიონი ლარი ნაწილდება 57 მუნიციპალიტეტის 3111 სოფელზე, სადაც გასულ წელს 4883 პროექტი განხორციელდა. ეს არის დაბალბიუჯეტიანი პროექტები და კანონის თანახმად 5 ათას ლარამდე შესყიდვა თავისუფლდება სატენდერო ვალდებულებისგან. ამ პროგრამის კიდევ ერთი სიკეთე ისაა, რომ პატარა შესყიდვებში მონაწილეობენ პატარა კომპანიები, რომელთაც ეძლევათ საშუალება წლიდან წლამდე განვითარდენენ და ქართულ სამშენებლო ბაზარზე აქტიური მოთამაშეები გახდნენ. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამ პროექტებში, ძირითადად, დასაქმებული იყო ადგილობრივი მოსახლეობა,“ - აცხადებს ილია ბეგიაშვილი.

მისივე თქმით, მცირებიუჯეტიანი პროექტების ხანგრძლივობა, ზოგ შემთხვევაში, 1-2 კვირაა და ასეთ შემთხვევებში არაგონივრული იქნება 2-3 თვიან სატენდერო პროცედურებში შესვლა.

„ნამდვილად ვერ დავეთანხმებით კვლევაში გამოთქმულ ეჭვებს გარკვეულ კორუფციულ რისკებზე. ვფიქრობ, ყველა დაინტერესებული უნდა იყოს ისეთი პროგრამების ეფექტიანობით, რომელიც ადამიანებისა დასაქმებას და კომპანიების კვალიფიკაციის ამაღლებას ემსახურება. რაც შეეხება შეკითხვებს, მზად ვართ ყველა დაინტერესებულ ორგანიზაციასა თუ პირს, თითოეული უკვე განხორციელებული პროექტის მაგალითზე ვაჩვენოთ ამ პროგრამის სიკეთე,“ - აღნიშნა ილია ბეგიაშვილმა.

შეგახსენებთ, “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ” დღეს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ხარჯებში კორუფციების მომეტებული რისკების შესახებ გამოაქვეყნა მიმოხილვა. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს “სოფლის მხარდაჭერის” პროგრამიდან 40 მილიონი ლარი ტენდერების გარეშე, პირდაპირი ხელშეკრულებებით იხარჯება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები